ბრიტანელი დიზაინერი ვივიან ვესტვუდი, რომელმაც პროფესიად აქცია ბავშვობის გატაცება და არ შეუშინდა ცხოვრების რადიკალურად შეცვლას, თავისი პროვოკაციული კოლექციებით გაითქვა სახელი. მართალია, დღეს „მარადიულ ბუნტისთავად“ წოდებული დიზაინერი მოდის კანონმდებლად, პანკისა და კიტჩის სტილის ფუძემდებლად ითვლება, მაგრამ რამდენიმე ათწლეულის წინ აბსოლუტურად გამოუცდელი ვესტვუდი, რომელიც სკოლის მასწავლებლად მუშაობდა, მხოლოდ ძლიერი ნებისყოფისა და საკუთარი თავის იმედით ჩაება მოდის სასტიკ და მეტად კონკურენტულ ინდუსტრიაში.
აღსანიშნავია, რომ ულტრათანამედროვე, თუმცა კლასიკური კოლექციები, რომლებიც თითქოს ისტორიის სახელმძღვანელოდანაა ნასესხები და თანამედროვე ეპოქას მორგებული, ყოველთვის ზუსტად ასახავენ ვესტვუდის ინტერესებსა და მის შეხედულებებს. მეამბოხე დიზაინერი, რომელიც 1970-იან წლებში Sex Pistols-ის მუსიკოსების გარდერობზე ზრუნავდა, 1990-იან წლებში კი, ალტერნატიული მოდის წამყვან ფიგურად იქცა, დღესაც უამრავ ახალგაზრდას შთააგონებს საკუთარი ეკლექტური, ხშირად სკანდალური მოდელებით.
ვივიენ იზაბელ სუაირი 1941 წლის 8 აპრილს დაიბადა ჩეშირის საგრაფოს სოფელ თინთვისლში ავიაქარხნის საწყობის რიგითი თანამშრომლის და დიასახლისის ოჯახში. მართალია, ნაკლებად შეძლებული მშობლები ვერასდროს აკმაყოფილებდნენ მოზარდი ვივიენის სურვილებს, მაგრამ ის მაინც არასდროს ეპუებოდა ფინანსურ შეზღუდვებს. მეტიც, სკოლის გამოსაშვებ საღამოზე სადღესასწაულო სამოსის გარეშე დარჩენილმა ბებიის ძველი კაბა მოირგო, რომელიც ერთიანად მორთო ცოცხალი ყვავილებით.
1958 წელს ოჯახის ლონდონში გადაბარგების შემდეგ ვივიენმა ვესტმინსტერის უნივერსიტეტთან არსებულ ჰაროუს სამხატვრო სკოლაში ჩააბარა, თუმცა პირველივე სემესტრის შემდეგ თქვა უარი სწავლაზე, „ვერ დავიჯერე, რომ გოგონა დაბალი სოციალური კლასიდან ფერწერით შეძლებდა ფულის შოვნას, ამიტომ შემოსავლის სხვა წყაროს ძიება ვარჩიე“, - აღნიშნა ვესტვუდმა, რომელმაც ხატვას პედაგოგიური განათლების მიღება ამჯობინა, კოლეჯის დასრულების შემდეგ კი, დაწყებითი კლასების მასწავლებლად დაიწყო მუშაობა, თუმცა, არც გატაცებაზე თქვა უარი და აქსესუარების, მეტწილად სამკაულების შექმნას მიჰყო ხელი, რომელთაც ლონდონის თვითნაკეთი ნივთების მაღაზიებში აბარებდა.
სიღარიბისგან თავის დასაღწევად ვივიენმა გათხოვება გადაწყვიტა და ცეკვის სკოლის მფლობელს დერეკ ვესტვუდს გაჰყვა ცოლად, რომელსაც მხოლოდ რამდენიმე დღე იცნობდა, თუმცა ნანატრი კეთილდღეობა მაინც ვერ მოიპოვა. მეტიც, სასიძომ ქორწილისთვის შესაფერისი სამოსის შეძენაც ვერ შეძლო, რამაც 22 წლის ვივიენს კაბის საკუთარი ხელით შეკერვა აიძულა. მოგვიანებით, ერთ-ერთ ინტერვიუში ვესტვუდმა აღიარა, რომ სწორედ მაშინ გადაწყვიტა დიზაინერობა.
მეუღლეებს იმავე წელს შეეძინათ შვილი, რომელსაც ბენჯამინი დაარქვეს, თუმცა ქორწინება მაინც ხანმოკლე აღმოჩნდა. დერეკის სკოლა დაიხურა, მორიგი ფინანსური კრიზისი კი, ურთიერთბრალდებისა და მუდმივი კონფლიქტის მიზეზი გახდა. ვესტვუდის მიტოვების შემდეგ ვივიენი შვილთან ერთად გადაბარგდა უმცროს ძმასთან და სწორედ მისი წყალობით გაიცნო მალკოლმ მაკლარენი, ვისთანაც ჯერ მხოლოდ მეგობრობა და საერთო ინტერესები აკავშირებდა, მერე კი, მთელი გულით შეუყვარდა.
მართალია, 1967 წელს ვივიენი მეორედ დაორსულდა, მაგრამ მისივე განცხადებით, ბავშვის გაჩენის არანაირი სურვილი არ ჰქონდა, ამიტომ მეგობრისგან ნასესხები ფულით დაიძრა კლინიკისკენ, თუმცა ერთ-ერთი მაღაზიის ვიტრინაში ულამაზესი პალტო შენიშნა და ცდუნებას ვეღარ გაუძლო. როგორც ჩანს, ძვირადღირებულმა პალტომ არა მხოლოდ ვესტვუდის უმცროსი შვილი ჯო კორა გადაარჩინა, არამედ ორიგინალური თეთრეულის მოყვარული მილიონობით ქალბატონიც, რადგან წლების შემდეგ სწორედ ჯო კორამ შექმნა სკანდალური ბრენდი Agent Provocateur.
1960-იანი წლების ბოლოს ბრიტანეთში ჰიპების მოძრაობა გაძლიერდა, თუმცა პაციფისტი ახალგაზრდების ფილოსოფიამ ვერც ვესტვუდი დააინტერესა, ვერც მაკლარენი, რადგან ბუნებით მეამბოხე წყვილისთვის პანკ-კულტურა უფრო ახლობელი აღმოჩნდა. სწორედ პანკების და ახალი სუბკულტურის შთაგონებით შექმნა ვესტვუდმა პირველი მოდელები, 1971 წელს კი, ლონდონის ცნობილ რაიონში - ჩელსიში გახსნა პირველი მაღაზია Let It Rock და სამუდამოდ თქვა უარი პედაგოგობაზე. სხვათა შორის, მაღაზიის სახელი მოგვიანებით Vivienne Westwood-ის ბრენდით გამოშვებულმა ერთ-ერთმა არომატმაც შეიძინა.
თავიდან მაღაზიის ასორტიმენტს მხოლოდ როკ-ჯგუფების ფირფიტები და ვინტაჟური სამოსი შეადგენდა, თუმცა ერთი წლის შემდეგ სახელთან ერთად კონცეფციაც შეიცვალა. განახლებული მაღაზია, რომელსაც Too Fast to Live, Too Fast to Die დაერქვა, მეტწილად ახალგაზრდა მარლონ ბრანდოს პერსონაჟების გავლენით შექმნილ, როკერებისა და ბაიკერების სტილს უწევდა პროპაგანდას. სოლიდური შემოსავლის მიუხედავად, 1974 წელს ვესტვუდმა კიდევ ერთხელ განაახლა მაღაზია, პროვოკაციული სახელი - SEX უწოდა და საკუთარი დიზაინერული ნამუშევრები, მათ შორის მაისურები გამოფინა, რომელთაც განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვეს.
უცნაურია, მაგრამ ჰიტად ქცეული მოდელები ნაკლებად შეიძლება ჩაითვალოს დიზაინის შედევრად, რადგან ვესტვუდი მხოლოდ ჭრიდა, ან უბრალოდ ხევდა ჩვეულებრივ მაისურს, მერე კი, მასიური ნაკერით კერავდა, ან ქინძისთავით ამაგრებდა, პრინტად კი, სკანდალურ და შოკისმომგვრელ ლოზუნგებს იყენებდა. ვესტვუდის ყველაზე ცნობილ ნახატებს შორის მოხვდა ბრიტანეთის დახეული დროშა და ელისაბედ მეორის პორტრეტი ტუჩზე ქინძისთავით.
1975 წელს ჯგუფმა ოთხი მუსიკოსის შემადგენლობით პირველი კონცერტი გამართა წმინდა მარტინის კოლეჯში. Sex Pistols-მა - სწორედ ასე ერქვა ახლადშექმნილ კოლექტივს საზოგადოების ყურადღება დაიმსახურა და სწრაფად მოიპოვა პოპულარობა, რამაც ჯგუფის ვოკალისტს ჯონი როტენს მენეჯერის დაქირავება და საორგანიზაციო საკითხების მისთვის გადაბარება გადააწყვეტინა. სწორედ ასეთი ენთუზიასტი აღმოჩნდა მალკოლმ მაკლარენი, რომელიც ერთის მხრივ, მუსიკოსებს დაეხმარა, მეორეს მხრივ, ვივიენს მისცა განვითარების და საკუთარი საქმიანობის შესახებ ხმამაღლა განცხადების შესაძლებლობა, რადგან მუსიკოსები მართლაც იდეალურად მოერგნენ მის თამამ ექსპერიმენტებს.
მართალია, 1979 წელს სიდ ვიშეზის გარდაცვალების შემდეგ Sex Pistols-ი დაიშალა, მაგრამ ვესტვუდისთვის რამდენიმე წელიც საკმარისი აღმოჩნდა აღიარების მოსაპოვებლად, მით უფრო, რომ 1981 წელს საკუთარი სავაჭრო მარკა Vivienne Westwood დაარეგისტრირა, ლოგოტიპად კი, სამეფო გვირგვინი აირჩია. კარიერული წარმატების მიუხედავად, არ გაამართლა ურთიერთობამ არც მაკლარენთან, რომელსაც მისივე განცხადებით შურისა და სიხარბის გამო დაშორდა.
პირველი კოლექცია, რომელსაც „მუშკეტერები“ ეწოდა, ვესტვუდმა ალექსანდრ დიუმას რომანისა და პერსონაჟების შთაგონებით შექმნა, თუმცა მომდევნო კოლექციების მსგავსად, სადებიუტო ნამუშევარშიც საკუთარი, საავტორო ხედვით წარადგინა დიდი ხნის წინ დამკვიდრებული სამოსი, ჩამოყალიბებული სტილი და ერთი შეხედვით შეუხამებელი შეახამა. მეტიც, ვესტვუდმა არა მხოლოდ ერთ მოდელში გააერთიანა განსხვავებული ფერისა და ფაქტურის რამდენიმე ქსოვილი, არამედ მაისურებიც შემოიღო ორიგინალური, ხშირად პროვოკაციული სლოგანით. მასვე მიეწერება პლატფორმიანი ფეხსაცმლის დამკვიდრება და ე.წ. კორსეტის ტანსაცმლის ზევიდან მორგება.
1990 წელს ვესტვუდმა მამაკაცის სადებიუტო კოლექცია შესთავაზა პუბლიკას, რომელმაც სხვადასხვა ფაქტურის, მათ შორის დენიმის, სტავრას, ბამბის ქსოვილი გააერთიანა და პანკ-კულტურა პაროდიით, მეტიც ელიტარულ საზოგადოებაზე ერთგვარი სატირით ჩაანაცვლა.
მართალია, ვესტვუდმა ვერ შეძლო სამხატვრო კოლეჯის დასრულება და პროფესიული განათლების მიღება, მაგრამ 1992 წელს მაინც მიიღო მიწვევა გამოყენებითი ხელოვნების ვენის სკოლის ხელმძღვანელობისგან და დიზაინის კურსიც ჩაიბარა. სწორედ იქ გაიცნო ვივიენმა 25 წლით უმცროსი სტუდენტი ანდრეას კრონტალერი, რომელსაც სოლიდური ასაკობრივი სხვაობის მიუხედავად, მაინც დაუფიქრებლად გაჰყვა ცოლად, „ანდრეასი ერთადერთია, ვისაც ყოველთვის გენიალური იდეები აქვს. ვფიქრობ, სწორედ მისი წყალობით შევძელი საკუთარი თავის დაძლევა, შთაგონების მოძიება და იმაზე მეტის გაკეთება, ვიდრე მეგონა, რომ შევძლებდი. ჩემი გონება დაიღალა და მობერდა, მის გონებაში კი, უამრავი აუთვისებელი ტერიტორიაა, რაც განსაკუთრებით მხიბლავს“, - მეუღლით აღფრთოვანებულმა აღნიშნა ვივიენმა.
2000-იანი წლების დასაწყისში ვესტვუდმა მოდის ინდუსტრიის პრაქტიკულად ყველა მნიშვნელოვანი ჯილდო მოიპოვა - სამჯერ დასახელდა წლის დიზაინერად და Fashion Awards-ის პრემიის მფლობელიც გახდა, ელისაბედ მეორისგან კი, ჯერ იმპერიის ორდენის ოფიცრის წოდება მიიღო ბრიტანულ მოდაში შეტანილი წვლილისთვის, მერე რაინდის წოდების ეკვივალენტის - ქალბატონი-კომანდორის ტიტული ჩაიბარა.
დღეს Vivienne Westwood-ის იმპერია, რომელიც 500-ზე მეტ მაღაზიას აერთიანებს მთელ მსოფლიოში, ტანსაცმლის რამდენიმე ხაზსა და განსხვავებული სეგმენტის აქსესუარებზე, პარფიუმერიაზე მუშაობს. ბრენდულ მაღაზიებში ე.წ. ლაქშერის კლასის პროდუქციაც მრავლადაა გამოფენილი და შედარებით დემოკრატიულ ფასადაც შეიძლება სასურველი ნივთის შეძენა, თუმცა ბრენდის სავიზიტო ბარათად მაინც დეკონსტრუქტივიზმი და ასიმეტრია რჩება, რაც პირველ რიგში შეგნებულად მოთელილ და მოძველებულ, არასწორად მორგებულ, ხშირად უფორმო, რამდენიმე ზომით დიდ სამოსს გულისხმობს.
მართალია, დიზაინერი ყოველთვის დაბალ სოციალურ ფენას ანიჭებდა უპირატესობას და ნაკლებად შეძლებულთათვის უფრო მეტი ხალისით მუშაობდა, ვიდრე ელიტარული საზოგადოებისთვის, მაგრამ სწორედ მის მოდელებს ანიჭებენ უპირატესობას ჰელენა ბონემ-კარტერი და ბელა ჰადიდი, დიტა ფონ ტიზმა და კერი ბრედშოუმ ფილმიდან „სექსი დიდ ქალაქში“ კი, მის ორიგინალურ სამოსში გადაწყვიტეს გათხოვება. მეტიც, მელოდრამის სიუჟეტის მიხედვით ვესტვუდმა თავად გაუგზავნა ბრედშოუს კაბა საქორწინო ცერემონიისთვის, რომელიც საბოლოოდ ჩაიშალა და არ შედგა.
2004 წელს ავსტრალიაში, კანბერას ნაციონალურ გალერეასა და ლონდონში, ვიქტორიასა და ალბერტის მუზეუმში ერთდროულად მოწყობილი რეტროსპექტივის შემდეგ, რომელიც ვესტვუდის ნამუშევრების პირველ მსხვილი ჩვენებად იქცა, დიზაინერმა თითქოს დაკარგა ინტერესი მოდის მიმართ და მთელი ყურადღება ქვეყნის სოციალურ-პოლიტიკურ საკითხებზე გადაიტანა. ვესტვუდმა ჯერ გლობალური დათბობისა და ბირთვული შეიარაღების წინააღმდეგ ბრძოლას დაუჭირა მხარი, მერე სამოქალაქო უფლებებისა და სიტყვის თავისუფლების დასაცავად ჩაება მასშტაბურ კამპანიაში.
2011 წელს დიზაინერი ანტიკაპიტალისტურ მოძრაობას Occupy London-ს შეუერთდა, 2014-ში შოტლანდიის დამოუკიდებლობის იდეას დაუჭირა მხარი და ხმამაღლა განაცხადა, რომ „დასაღუპად განწირული ინგლისი მონათესავე ქვეყნებსაც განადგურებით ემუქრებოდა“, ერთი წლის შემდეგ კი, ტანკით მიადგა პრემიერ-მინისტრის დევიდ კამერონის სახლს დაუნინგ-სთრითზე და სწორედ ასე გამოხატა პროტესტი ფიქლის ნავთობის მოპოვების წინააღმდეგ.
2016 წელს ვესტვუდი დამსახურებულ პენსიაზე გავიდა, საკუთარი საქმე კი, მეუღლეს, როგორც თავად აღნიშნა - ერთადერთ ადამიანს გადასცა, ვისაც ენდობოდა. მანვე ჩაიბარა ბრენდის ყველაზე ძვირადღირებული ხაზი Gold Label, რომელიც დღეს Andreas Kronthaler for Vivienne Westwood-ის სახელით სარგებლობს.
82 წლის ვესტვუდი 2022 წლის 29 დეკემბერს გარდაიცვალა ლონდონში, საკუთარ სახლში. „ჩვენს საქმეს მე გავაგრძელებ, თუმცა აუცილებლად ვივიენთან ერთად, რომელიც ყოველთვის ჩემს გულში იქნება“, - აღნიშნა ანდრეასმა და პუბლიკას არა უბრალოდ ბრენდის განვითარებას, არამედ იმ გრანდიოზული გეგმების განხორციელებას დაჰპირდა, რომელიც მეუღლესთან ერთად ჩაიფიქრა.