ევრო 2024-ის შესარჩევი ციკლის მეორე ტურში საქართველოს ნაკრებმა ბათუმში ნორვეგიას უმასპინძლა - 1:1. მე-15 წუთზე ანგარიში ალექსანდრ სორლოტმა გახსნა. 61-ე წუთზე მიქაუტაძემ ანგარიში გაათანაბრა და ვილი სანიოლის გუნდი მარცხისგან იხსნა.
შეხვედრის მე-15 წუთზე სტუმართა მაღალი პრესინგისას მამარდაშვილმა ბურთი ცუდად „ამოიტანა“, გურამ კაშიამ ალექსანდრ სორლოტი ვერ გაანეიტრალა, „სოსიედადის“ ფორვარდმა დარტყმისთვის თავისუფალი სივრცე იპოვა, საჯარიმოს მისადგომებიდან დაარტყა და მამარდაშვილს დაბალ კუთხეში გაუტანა.
მეორე ტაიმში სრულიად განსხვავებული საქართველოს ნაკრები ვიხილეთ. სახიფათო შეტევების სიხშირე ლოგიკურ დასასრულამდე მივიდა, როცა ნიკა კვეკვესკირის პასის შემდეგ გიორგი მიქაუტაძემ ნორვეგიელთა ცენტრალურ მცველს, შტეფან სტენდბერგს აჯობა, მეკარესთან პირისპირ გავიდა და ანგარიში გაათანაბრა, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ მეორე ტაიმი კარგად ჩაატარა, ნორვეგიას გოლის გატანის რამდენიმე რეალური შანსი ჰქონდა.
ცვლილებაზე გამოსული ფეხბურთელებიდან განსაკუთრებით შთამბეჭდავი გიორგი გოჩოლეიშვილი იყო, რომელმაც ტრავმირებული ირაკლი აზაროვი შეცვალა. დონეცკის „შახტარის“ მცველი დაცვით ფუნქციებს კარგად ასრულებდა და შეტევაშიც აქტიური იყო.
76-ე წუთზე ნორვეგიას გოლის გატანის შესანიშნავი მომენტი ჰქონდა, თუმცა მარტინ ოდეგორმა თითქმის ცარიელ კარში ვერ გაიტანა.
81-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ მარცხენა ფლანგიდან ბურთი ცენტრისკენ „წაიღო“ და მარჯვენათი შორეულ კუთხეში სახიფათოდ დაარტყა, თუმცა სიზუსტე ამჯერადაც ოდნავ დააკლდამსაჯის მიერ დამატებული დროის ბოლო წუთზე VAR-ი საქართველოს ნაკრების საჯარიმოში პენალტის დანიშვნის საკითხს განიხილავდა. საბოლოოდ, VAR-მა საქართველოს ნაკრებისთვის ნეგატიური გადაწყვეტილება არ მიიღო და შეხვედრა 1:1 დასრულდა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები მომდევნო შეხვედრას A ჯგუფში სტუმრად თემურ ქეცბაიას კვიპროსთან გამართავს. ეს მატჩი 17 ივნისს ჩატარდება, ხოლო 20 ივნისს სანიოლის გუნდი შოტლანდიას ესტუმრება.