ხალხი ბევრად უფრო რადიკალურად არის განწყობილი ხელისუფლების მიმართ, ვიდრე ოპოზიცია, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პარლამენტის დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ განაცხადა.
მანჯგალაძემ ისაუბრა ქვეყნის მთავრობის პოზიციონიერებაზე და განაცხადა, რომ ანტიდასავლური რიტორიკა „ხელისუფლების პროპაგანდის მთავარი ხაზი გახდა“.
„დღეს ამ ხაზზეა პრემიერ-მინისტრიც. ღარიბაშვილის განცხადებები არაფრით განსხვავდებოდა „ალტ-ინფოს“ განცხადებებისგან. უფრო მეტიც, რუსი პროპაგანდისტების და ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებები არ განსხვავდებოდა. როგორ შეიძლება პრემიერ-მინისტრი გერქვას და შენი ამოცანა მოსახლეობის დაშინება, დათრგუნვა იყოს. ისედაც მაღალია უიმედობა და ნიჰილიზმი და მესამე მსოფლიო ომზე და ბირთვულ ომის საფრთხეზე ლაპარაკობს. საქართველოს რა შეუძლია? წაახალისოს თუ შეაჩეროს ბირთვული ომი? ღარიბაშვილი ხალხს ყოველდღე ეუბნება, რომ შეიძლება მესამე მსოფლიო ომი დაიწყოს“, - განაცხადა მანჯგალაძემ.
მისვე შეფასებით, „ქართული ოცნება“ ევროკავშირის რეკომენდაციები არ შეასრულებს და შეეცდება კანდიდატის სტატუსის ვერ მიღება დასავლეთს ან ოპოზიციას გადააბრალოს.
მანჯგალაძის თქმით, თუკი საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს, ოპოზიციას ვადამდელი არჩევნების მოთხოვნის ლეგიტიმური უფლება ექნება.
„როცა ქვეყანას რუსული გავლენის ჭაობში ტოვებ, პოლიტიკურად უნდა აგო პასუხი. ყველა კონსტიტუციური საშუალებით უნდა ვაგებინოთ პასუხი, მშვიდობიანად და არა ძალადობრივად. ვადამდელი არჩევნების მოთხოვნის სრული ლეგიტიმური უფლება გვექნება. თუ ვინმეს ჰგონია, რომ „ქართულ ოცნებას“ კანდიდატის სტატუსის ჩაგდება შერჩება და მერე დემოკრატიულ არჩევნებს ჩაატარებს, ეს არის ილუზია. ამიტომ ჯობია, რომ ამის გამო ხალხთან ერთად პოლიტიკური ფასი გადავახდევინოთ „ქართულ ოცნებას“ მშვიდობიანად და არა ძალადობრივად“, - განაცხადა მანჯგალაძემ.