კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა (ბანკთაშორისი სესხების გარდა), მიმდინარე წლის თებერვალში, წინა თვესთან შედარებით 9.46 მლნ ლარით (0.02%-ით) შემცირდა, ხოლო გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 0.81%-ით გაიზარდა და თებერვლის ბოლოს 44.45 მლრდ ლარი შეადგინა. ამის შესახებ მონაცემებს ეროვნული ბანკი ავრცელებს.
მათივე ცნობით, ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა თითქმის 145 მლნ ლარით გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა დაახლოებით 154 მლნ ლარით შემცირდა. ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, რომ რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2023 წლის თებერვლის ბოლოს, კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 7.35 მლრდ ლარის მოცულობის სესხი, ხოლო უცხოური ვალუტით 12.32 მლრდ ლარის.
2023 წლის თებერვლის განმავლობაში 0.18%-ით, ანუ 42 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და თებერვლის ბოლოსათვის 23.84 მლრდ ლარი შეადგინა. 2023 წლის თებერვლის ბოლოსათვის, მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 55.35 პროცენტი შეადგინა.