თბილისში, ნორვეგიის საელჩოსთან მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს დაპატიმრებული პირების ახლობლების აქცია მიმდინარეობს.
როგორც აქციაზე შეკრებილები აცხადებენ, მათი პროტესტის მიზეზი ის ჯილდოა, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა ადამიანის უფლებებისთვის და დემოკრატიისთვის ბრძოლის საქმეში ნორვეგიის „კონსერვატიული პარტიისგან“ მიიღო.
აქციის მონაწილეების თქმით, საქართველოში ნორვეგიის ელჩთან შეხვედრას ითხოვენ და პოზიციის დაფიქსირებას, იზიარებს თუ არა ნორვეგიის მთავრობა „კონსერვატიული პარტიის” მიერ გაცემული ჯილდოს მიზანშეწონილობას.
აქციის მონაწილეების განმარტებით, მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს ადამიანის უფლებები ირღვეოდა და ამის შემდეგ, საუბარი იმაზე, რომ „მიხეილ სააკაშვილი არის დემოკრატიის შუქურა”, მიუღებელია.
ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველებიც.
ინფორმაციისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ადამიანის უფლებებისთვის და დემოკრატიისთვის ბრძოლის საქმეში პრიზი 2 დღის წინ გადაეცა. დაჯილდოების ცერემონია ნორვეგიაში გაიმართა.