ოკუპანტი ქვეყნის თავდასხმები უკრაინის ტერიტორიაზე გრძელდება. აგრესორმა სახელმწიფომ სლავიანსკი დაბომბა. მომხდარს, ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავებულია 29 ადამიანი. მძიმე ბრძოლები გრძელდება ქალაქ ბახმუტში, აფეთქებების ხმები ისმოდა რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ოლქის დროებით ოკუპირებულ ქალაქ მელიტოპოლშიც. გასული დღის განმავლობაში უკრაინის თავდაცვის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, აგრესორი ქვეყნის ძალებმა უკრაინის ტერიტორიაზე 2 სარაკეტო, 23 საჰაერო, 38 დარტყმა კი ზალპური სისტემებიდან განახორციელა. გენშტაბის ცნობითვე აგრესორი ქვეყნის ძალების ძირითადი სამიზნე სამოქალაქო ინფრასტრუქტურა და უკრაინის თავდაცვის ძალებია. შეტევები გრძელდება ლიმანის, ბახმუტის, ავდივის, მარინკასა და შახტარის მიმართულებით. უკრაინის თავდაცვამ გასულ 24 საათში მტრის 60 შეტევა მოიგერია. გენშტაბის განცხადებითვე, დიდია რუსული ძალების დანაკარგებიც, უკრაინული თავდაცვა მტრის ცოცხალი ძალისა და შეიარაღების კონცენტრაციის ადგილებზე შეტევებს აგრძელებს.