ჯოკერის შესახებ გადაღებულ ახალ ფილმში Joker: Folie à Deux ჰარლი ქვინის როლს სავარაუდოდ ლედი გაგა შეასრულებს. ფილმის ნახვა, რომელიც 2019 წლის ოსკაროსანი ჰიტის, Joker-ის, გაგრძელებაა, მაყურებელს 2024 წელს შეეძლება. გადასაღები მოედნიდან კი ახლახან გაგას ფოტოები გავრცელდა, რომელსაც სწორედ ჰარლი ქვინის კოსტიუმი აქვს მორგებული.
ლედი გაგა ფილმთან პირველად 14 თებერვალს დააკავშირეს, როცა ფილმის რეჟისორმა, ტოდ ფილიპსმა, ინსტაგრამზე მისი და ხოაკინ ფენიქსის ფოტო გააზიარა წარწერით "გილოცავთ ვალენტინობას."
ფილმის გულშემატკივრების სასიხარულოდ, ხოაკინ ფენიქსი, რომელმაც ჯოკერის ოსტატურად შესრულებული როლისთვის ოსკარის ჯილდოც მიიღო, ფილმის გაგრძელებაშიც ბრუნდება.
Joker-მა კომპანია Warner Bros.-ს $1 მილიარდი შემოსავალი მოუტანა. ასეთივე წარმატებას უწინასწარმეტყველებენ მეორე ფილმსაც, რომლის პრემიერა 2024 წლის 4 ოქტომბერსაა დაგეგმილი.