მიმდინარე წლის თებერვალში, საცხოვრებელი ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 13%-იანი ზრდის ნიშნულზეა. აღნიშნულს მოწმობს “ქოლიერსის“ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მონაცემები.
აღსანიშნავია, რომ ვებგვერდზე ახალი ფუნქციონალი ამოქმედდა, შედეგად კი, თუ აქამდე პლატფორმაზე თბილისის ბაზრის ზოგადი მონაცემების ნახვა იყო შესაძლებელი, ახლა უკვე კონკრეტული უბნების მიხედვით არის მონაცემები ჩაშლილი, იქნება ეს უძრავი ქონების ფასები, ტრანზაქციები, ბაზრის ზომა თუ ა.შ.
Recov.ge-ს მონაცემებით, თებერვალში დედაქალაქში საცხოვრებელი უძრავი ქონების საშუალო შეწონილი ფასი 840 აშშ დოლარს შეადგენდა. რაც შეეხება კონკრეტული უბნების მიხედვით, საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასებს თებერვალში, ყველაზე ძვირი ვაკეშია. - 1 651 აშშ დოლარი კვადრატული მეტრი. მეორე ადგილზეა მთაწმინდა - 1 315 აშშ დოლარით. შემდეგ მოდის საბურთალო, სადაც კვადრატული მეტრის ფასი 1 005 აშშ დოლარია. დიდუბე - 794 აშშ დოლარი; ხოლო გლდანი - 664 აშშ დოლარი;