49 წლის ამერიკელი პათოლოგანატომი ბეკ უეზერსი, რომელიც ალპინიზმით 40 წლის ასაკში დაინტერესდა, ძვირად ღირებული ექსპედიციისთვის ფულს დიდხანს აგროვებდა და 1996 წელს ევერესტის მთაზე, ოცნების ასასრულებლად გაემგზავრა. კატასტროფა 1996 წლის 10-11 მაისის ღამეს მოხდა, როდესაც ევერესტისკენ მიმავალ მთამსვლელებს თავს ქარიშხალში დაატყდათ.
მსოფლიოს უმაღლეს წერტილზე მოხვედრა უაღრესად რთული ამოცანაა. მთაზე ასვლა ექსტრემალურ პირობებში მიმდინარეობს: ჰაერის ტემპერატურა -60°C-მდე ეცემა, რასაც ძლიერი ქარი, ჟანგბადის სიმცირე და მზის საშიში რადიაცია ემატება და, რაც მთავარია, გარე დახმარების არარსებობა - მეჩხერი ჰაერის გამო ვერტმფრენები ასეთ სიმაღლეზე ვერ ადიან.
როცა საქმე ევერესტს ეხება, მწვერვალზე ასვლა გარკვეულწილად, იღბალზეა დამოკიდებული. თუ მწვერვალზე ასვლას ცუდი ამინდი დაემთხვა, ვერც აღჭურვილობა და ვერც ჯგუფის წევრები ვერ გიშველიან.
ისტორიის მანძილზე ევერესტზე მთამსვლელთა მასობრივი დაღუპვის არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა. დაღუპულთა ცხედრების ჩამოტანა ტექნიკურად ძალიან რთულია, ამიტომ ბევრი მთამსვლელისთვის ევერესტის ყინულები უკანასკნელ განსასვენებლად იქცა.
***
ბეკ უეზერსი ექსპედიციის დაწყებისას თავს ცუდად გრძნობდა. ცოტა ხნით ადრე მას ახლომხედველობის გამო თვალზე ოპერაცია ჩაუტარდა და, როგორც ვარაუდობენ, ულტრაიისფერმა გამოსხივებამ ევერესტზე დროებით დააბრმავა.
ევერესტის მწვერვალამდე 400 მეტრი რჩებოდა, როდესაც ჯგუფის ხელმძღვანელმა, ახალზელანდიელმა მთამსვლელმა რობ ჰოლმა უეზერსს მარტო დარჩენა და დასვენება შესთავაზა.ჰოლი დაბრმავებულ უეზერსს დაჰპირდა, რომ დაბრუნდებოდა და ქვემოთ დაშვებაში დაეხმარებოდა, მაგრამ პირობა ვერ შეასრულა...