Google-ის ჩატბოტი Bard აშშ-სა და გაერთიანებულ სამეფოში უკვე საჯაროდაა ხელმისაწვდომი. ინფორმაცია კომპანიის ბლოგპოსტით ვრცელდება.
Bard-ის გამოშვების შესახებ პირველად თებერვალში მოვისმინეთ. Google-ის ჩატბოტი ამ დროიდან მხოლოდ შეზღუდულად იყო ხელმისაწვდომი "სანდო ტესტერებისათვის", ამჯერად კი მის გამოცდას ფართო საზოგადოებაც შეძლებს.
კომპანია ჩატბოტს ექსპერიმენტს უწოდებს. იგი მომხმარებლებს მკაფიოდ ახსენებს, რომ Bard-ზე კვლავაც აქტიურად მუშაობენ, შესაბამისად, შესაძლოა, მან ყოველთვის საჭიროებისამებრ არ იფუნქციონიროს. Google-იდან ხაზს უსვამენ იმასაც, რომ პროგრამის განვითარებაში მომხმარებელთა უკუკავშირი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.
"Bard-ის საშუალებით შეგეძლებათ, უფრო პროდუქტიული გახდეთ, თქვენში იდეების განვითარება ააჩქაროთ და ცნობისმოყვარეობა ასაზრდოოთ", — ვკითხულობთ Google-ის მკვლევართა ბლოგპოსტში — "შეგიძლიათ, Bard-ს რჩევები სთხოვოთ მეტი წიგნის წაკითხვის თაობაზე, კვანტური ფიზიკა მარტივ ენაზე აახსნევინოთ ანდა ბლოგპოსტის მონახაზის შექმნით თქვენში შემოქმედებითობა გააღვიძოთ".საგულისხმოა, რომ Bard მხოლოდ 18 წელს მიღწეულთათვის იქნება ხელმისაწვდომი. ამასთანავე, იგი მხოლოდ აშშ-სა და გაერთიანებულ სამეფოში ჩაეშვა, შესაბამისად, საქართველოში Bard-ით სარგებლობას ამ ეტაპზე ვერ შევძლებთ.
Google-ის მხრიდან საკუთარი ჩატბოტის გამოშვების ნაბიჯი კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, რომ AI დომინირებისათვის ტექგიგანტების ბრძოლა ოფიციალურად გრძელდება. ამგვარი შერკინება მას შემდეგ დაიწყო, რაც გასულ წელს საზოგადოებამ ChatGPT იხილა.