ხელისუფლებას ვურჩევდი - ყველაზე ნაღდი არის ის, რომ თავის ამომრჩევლებს კანდიდატის სტატუსი მოუტანოს, ეს არის ის, რასაც ამომრჩეველი ელოდება, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „ტვ პირველთან“ ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, ხელისუფლებას არ უნდა მისცენ გასაქანი, რათა დარჩეს იმ გზაზე, რაც არის მისი არჩეულია და რისთვისაც მანდატი მიიღო.
„ხელისუფლება უნდა იყოს მიყვანილი იქამდე, უნდა დააძალო, რომ დაპირებების ერთგული იყო. ჩემი დაპირებები ხომ არაა? მე ხომ არ ჩამიწერია კონსტიტუციაში? არ შეიძლება ხელისუფლება გადადიოდეს სრულიად სხვა სივრცეში და სხვა რიტორიკას ავლენდეს, როდესაც სულ სხვა რამისთვის იყო არჩეული. ხელისუფლება, რომელსაც ამომრჩევლის მხარდაჭერა აღარ აქვს, სხვა გზით მიდის და იძულებული ხდება, სხვა ბერკეტები გამოიყენოს. ცხადია, ადარდებთ 2024 წლის არჩევნები, ამიტომ ვურჩევდი ხელისუფლებას, ყველაზე ნაღდი არის, რომ ხელისუფლებამ თავის ამომრჩევლებს კანდიდატის სტატუსი მოუტანოს, ეს არის ის, რასაც ამომრჩეველი ელოდება. ჩვენთან მგონი, არ აქვთ განცდა, რომ არჩევნები შეიძლება პოზიტივით მოიგო და არა ნეგატივით. მიღწევებით მოიგო შენი ამომრჩევლის გული და არა დაპირისპირებით, შევიწროებით, ლანძღვა-გინებით და ა.შ.
ჩემი ძალა ძირითადად სიტყვაა და დღეს ამ სიტყვას სხვა ზურგი აქვს, ხალხის ხმა. ჩვენი მთავარი მოვალეობაა, არ მივცეთ ხელისუფლებას გასაქანი, რათა დარჩეს იმ გზაზე, რაც არის მისი არჩეული გზა და რისთვისაც მანდატი მიიღო. მე ვიქნები ერთგვარი დარაჯი ამ გზაზე“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ამასთან, პრეზიდენტის განცხადებით, არავის აქვს სურვილი, რომ იზოლაციაში მოახვედროს საქართველო, ყველას უნდა, რომ ხელისუფლება სწორ გზაზე დააბრუნოს. მისივე თქმით, არავის აქვს სურვილი, რომ საქართველო დიდი პერსპექტივისგან გვერდზე დარჩეს, ჩიხში შევიდეს.
„აქციის დროს გვერდით დგომა ძალიან სერიოზული განაცხადია. მე ამის ერთგული ვარ და ვიქნები ბოლომდე. იმის იმედიც მაქვს, რომ ხალხი იქნება ჩემს გვერდით, როდესაც სხვადასხვა მიმართულებით გადაწყვეტილებები იქნება მისაღები, მაგალითად, თუ კიდევ გახდა საჭირო ვეტოს გამოყენება. მე ვთქვი და ამას ნამდვილად შევასრულებ, ნებისმიერ კანონმდებლობაზე, რომელიც ჩვენი ევროპული პერსპექტივის წინააღმდეგ წავა, რეკომენდაციების სულისკვეთების საწინააღმდეგოდ, ვეტო გამოყენებული იქნება.
დემოკრატია ამას ნიშნავს, ან ხალხთან ხარ და მაშინ ხარ ძლიერი, ხალხს თუ ჩამოშორდები ნაკლებად. მიამიტი მეც არ ვარ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ხალხის ძალა, ძალიან დიდი ძალაა, შეიძლება დღეს ვერ ხვდებოდნენ, თუ რამდენად ძლიერია ეს ძალა. არის მეორე ძალა, რომელიც არის საერთაშორისო თანამეგობრობა. სადაც ვიყავი, არავის აქვს სურვილი, რომ იზოლაციაში მოახვედროს საქართველო, ჩიხში მიიყვანოს ხელისუფლება. ყველას უნდა რომ ხელისუფლება დააბრუნოს სწორ გზაზე, არავის აქვს სურვილი, რომ საქართველო ამ ძალიან დიდი პერსპექტივისგან გვერდზე დარჩეს. აუცილებელია მობილიზება მოხდეს ამ ფანჯრის მიმართულებით. მაქვს ჩემი მოსაზრებები, როდესაც დრო მოვა გავამხელ“,- აღნიშნავს პრეზიდენტი.
პრეზიდენტმა პარლამენტში მიმდინარე დაპირისპირებებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს არაფერს გვაძლევს.
„ეს დაპირისპირება არ არის არავისთვის არაფრის მომტანი. აბსურდია, სამარცხვინოა, არაფერთან მიმსვლელია, არაფერს არ გვაძლევს, გარდა სისუსტეს“,- აღნიშნავს პრეზიდენტი.
კითხვაზე, მოიხსენიებენ თუ არა პრეზიდენტს მმართველი გუნდის წევრები დაპირისპირებულ ბანაკში მას შემდეგ, როდესაც მხარდაჭერა გამოუცხადა 8-9 მარტს მიმდინარე აქციას, პრეზიდენტი განმარტავს, რომ ძალიან ცუდია, როდესაც ისეთი ტერმინების გამოყენება ხდება, როგორიც არის „მოღალატეები“ და „სატანისტები“.
„ძალიან უნდათ, რომ გადამიბირონ იქით და თქვან, არ იყო იმ ბანაკის და ასე შემდეგ. ამას ვერავინ მიაღწევს, სადაც ვიყავი იქ ვარ. იგივე პრინციპებით და მიმართულებით. როდესაც სააკაშვილის პერიოდში დაიწყო სვლა ავტორიტარიზმისკენ მაშინ დავდექი მის წინააღმდეგ. აქ როდესაც იწყება იგივე ტენდენცია, ვიტყვი იმავეს, რაც საჭიროა. ძალიან ცუდია ეს განაცხადი, როდესაც სხვებს ეძახი მოღალატეებს, სატანისტებს და ასე შემდეგ. ამით ქვეყანა ვერ აშენდება“,- აღნიშნავს პრეზიდენტი.