დიდ ბრიტანეთში მოღვაწე მეცნიერებმა ახალი საშენი მასალა შექმნეს, რომელიც შესაძლოა, ერთ დღეს მარსსა თუ მთვარეზე ადამიანთა საცხოვრებელი ბაზების ასაგებად გამოვიყენოთ. მის შემადგენლობაში, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, კარტოფილის სახამებელი და ორივე ციურ სხეულზე არსებული მტვრის სიმულირებული მატერიაა, მათი კომბინაციით კი ჩვეულებრივ ბეტონზე ბევრად მტკიცე მასალას ვიღებთ.
მას StarCrete ჰქვია, რომლის მარსული მტვრით დამზადებული ვარიანტის სიმტკიცეც 72 მეგაპასკალს უტოლდება, ანუ სტანდარტული ბეტონისას ორზე მეტჯერ აღემატება. მთვარის მტვრის შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 91 მეგაპასკალს უდრის.
სპეციალისტებს ისეთი მასალის შექმნა სურდათ, რომელიც ძირითადად დედამიწის ბუნებრივი თანამგზავრისა და წითელი პლანეტის ადგილობრივ რესურსებზე იქნებოდა დაფუძნებული და მხოლოდ მცირე ოდენობით დამატებით მატერიას მოითხოვდა. სწორედ ასეთი კომპონენტია კარტოფილის სახამებელი, რომელიც StarCrete-ის მთლიანობის შენარჩუნებას უწყობს ხელს, ანუ შემაკავშირებელი ელემენტია.
მეცნიერები ამბობენ, რომ ახალი საშენი მასალა ტექნოლოგიის დასახვეწად მრავალწლიან შრომას, ენერგიასა და მასშტაბურ გადამამუშავებელ მოწყობილობებს არ საჭიროებს. შესაბამისად, უფრო იაფი და მოსახერხებელია. თანაც, კარტოფილის სახამებლამდე მკვლევრები ასტრონავტთა შარდის ან სისხლის გამოყენებას განიხილავდნენ, მსგავს სახლებში ცხოვრება კი ნამდვილად არასასიამოვნო იქნებოდა.
კიდევ ერთი პოტენციური კომპონენტი, რომელიც ჩვენს ორგანიზმში მოიპოვება, მაგნიუმის ქლორიდია, ადამიანის ცრემლში არსებული მარილი. ის უფრო მტკიცე მატერიის დამზადებას უზრუნველყოფს და, რაც მთავარია, მარსის ზედაპირზეც გვხვდება.
სპეციალისტების ვარაუდით, კარტოფილის 25 კილოგრამი წონის გამომშრალი სახამებლით 213 აგური დამზადდება. შედარებისთვის, სამსაძინებლიანი სახლის ასაშენებლად ამაზე 35-ჯერ მეტი სახამებელი დაგვჭირდება. ის შესაძლოა, დედამიწაზეც გამოვიყენოთ.
აღსანიშნავია, რომ StarCrete-ის წარმოება გარემოსთვის არასაზიანო და ენერგოეფექტიანი იქნება. მის გასაუმჯობესებლად სტარტაპი, სახელად DeakinBio დაფუძნდა. ავტორთა ნაშრომი გამოცემაში Open Engineering გამოქვეყნდა.