მართალია, არსებობს სტერეოტიპი თითქოს რეჟისურა - რთული და მძიმე, ნამდვილი მასკულარული პროფესიაა, სუსტი სქესის წარმომადგენლებს კი არაფერი ესაქმებათ ამ სფეროში, მაგრამ ქალბატონებმა ჯერ კიდევ კინემატოგრაფიის განვითარების ადრეულ ეტაპზე დაამტკიცეს, რომ ბევრად თამამები, გამბედავები არიან და უფრო მდიდარი ფანტაზია აქვთ, ვიდრე კონკურენტ მამაკაცებს.
21-ე საუკუნის დასაწყისში, როცა განსაკუთრებით გააქტიურდა ფემინისტური მოძრაობა, ჰოლივუდელმა ქალბატონებმა კიდევ ერთხელ განაცხადეს საკუთარი არსებობის შესახებ და ხმამაღლა მოითხოვეს პარტნიორი მამაკაცებისგან დაფასება და უფლებების გათანაბრება.
მართალია, ქლოა ჩჟაო ჯერ კიდევ მოზარდობაში ხატავდა კომიქსებს, უყურებდა ფილმებს ველურ დასავლეთზე და წერდა ფანფიკებს ანუ მოთხრობებს ცნობილი რომანების მოტივებზე ორიგინალი პერსონაჟების მონაწილეობით, მაგრამ წარმოდგენაც არ ჰქონდა, რომ წლების შემდეგ პეკინიდან ნიუ-იორკში გადაბარგდებოდა, მოზარდობის გატაცებას კი, საკუთარი რეჟისორული სტილის ნაწილად აქცევდა.
ფილმებს ჩინელი რეჟისორი არასტანდარტულ, ჰოლივუდური კინოს მოყვარულთათვის უჩვეულო ამერიკაში იღებს, მკაცრი პეიზაჟების ფონზე და ისეთი ქარიზმატული პერსონაჟების მონაწილეობით, როგორიც მოხეტიალე ფილოსოფოსი ან როდეოს ყოფილი ვარსკვლავია. პრესტიჟული ფესტივალების ორგანიზატორები ყოველთვის სიამოვნებით იწვევენ ჩჟოას საკუთარ კინოფორუმებზე, მისი ნამუშევრებით აღფრთოვანებული კრიტიკოსები კი, ერთხმად აღნიშნავენ, რომ სწორედ აზიელმა რეჟისორმა აღმოაჩინა ნამდვილი ამერიკა და ვესტერნის კლასიკური ჟანრი.
ჯესიკა ბრუდერის ამავე სახელწოდების დოკუმენტური რომანის მოტივებზე შექმნილი ფილმის პრემიერა 2020 წელს შედგა ვენეციის კინოფესტივალზე და მთავარი პრიზი - „ოქროს ლომიც“ დაიმსახურა. აღსანიშნავია, რომ ჩჟაომ არა მხოლოდ ფილმის რეჟისორობა, არამედ სცენარის ავტორობა, მონტაჟი და პროდიუსერობაც საკუთარ თავზე აიღო, მთავარი როლი კი, ფრენსის მაკდორმანდს მიანდო.
„ოსკაროსანმა“ მსახიობმა ბრწყინვალედ განასახიერა ასაკოვანი ქალი, რომელიც მეუღლის გარდაცვალებისა და სამუშაოს დაკარგვის შემდეგ ტოვებს მშობლიურ ქალაქს და მომთაბარედ ქცეული მთელ ამერიკაში მოგზაურობს საკუთარი ფურგონით.
„მომთაბარეთა მიწამ“ კრიტიკოსთა მოწონება და ამერიკული კინოაკადემიის ექვსი ნომინაცია დაიმსახურა, ქლოა ჩჟაო კი, პირველი ქალი რეჟისორი გახდა, ვინც „ოსკარი“ საუკეთესო რეჟისორისა და სცენარისტის კატეგორიაში მოიპოვა. პრემიით აღინიშნა თავად ფილმი და ფრენსის მაკდორმანდის ნამუშევარი.
კარიერა გრეტა გერვიგმა დამოუკიდებელი რეჟისორების მცირებიუჯეტიან ფილმებში მონაწილეობითა და ეპიზოდური როლების შესრულებით დაიწყო, აღიარება კი, ნოა ბაუმბახთან შემოქმედებითი თანამშრომლობით მოიპოვა, რომელსაც მოგვიანებით ცოლადაც გაჰყვა. დუეტმა სამი ფილმი შექმნა ერთად, ყველაზე წარმატებული კი, შავ-თეთრი ტრაგიკომედია „საყვარელი ფრენსისი“ აღმოჩნდა, რომელშიც გერვიგმა არა მხოლოდ მთავარი როლი შეასრულა და „ოქროს გლობუსის“ პირველი ნომინაცია დაიმსახურა, არამედ სცენარზეც თავად იმუშავა.
მირანდა ჯულიას და მია ჰანსენ-ლევის მსგავსად, რომელთაც ცნობილი მეუღლეების ჩრდილში მოსინჯეს რეჟისორობა და მხოლოდ შემდეგ გაბედეს დამოუკიდებლად მუშაობა, გერვიგმაც სცადა სადებიუტო ფილმის „ლედი ბიორდის“ გადაღება. გულწრფელმა ისტორიამ მოზარდობისა და გარდატეხის ასაკის მძიმე პერიოდზე მაყურებლის მოწონება დაიმსახურა და საპრიზო სეზონის ნამდვილ ტრიუმფატორად იქცა „ოქროს გლობუსისა“ და „ოსკარის“ ხუთი ნომინაციის წყალობით.
2020 წელს გერვიგი კიდევ ერთხელ მოხვდა კინოაკადემიის ფავორიტთა შორის, როცა ამერიკული კლასიკა - ლუიზა მეი ოლკოტის რომანი „პატარა ქალები“ შესთავაზა აკადემიკოსებს. სხვათა შორის,
საუკეთესო ფილმის ნომინაციაში გერვიგს მისივე მეუღლე უწევდა კონკურენციას ფილმით „საქორწინო ისტორია“.
მართალია, ოლკოტის რომანით მანამდეც ხშირად ინტერესდებოდნენ რეჟისორები, მაგრამ გერვიგმა ინდივიდუალური ვერსია შესთავაზა მაყურებელს და საკუთარი ინტერპრეტაციით მოუთხრო ოთხი დის ისტორია, რომელთაც 1860-იან წლებში, ამერიკის სამოქალაქო ომის ფონზე უწევთ გაზრდა და არსებულ რეალობასთან შეგუება. რეჟისორის განცხადებით, შთაგონების წყაროდ არა იმდენად რომანი, რამდენადაც მე-19 საუკუნის ფერმწერთა ნამუშევრები იქცა, რომელთაც ბრწყინვალედ ასახეს თვითმყოფადი ეპოქა და ამერიკელების ყოველდღიური ცხოვრება.
ფილმის გადაღებები მეტწილად ბოსტონში მოეწყო, პარიზული პარკის სცენები კი, ჰარვარდის უნივერსიტეტის არნოლდის დენდრარიუმში დაიდგა, რომელიც ეროვნულ-ისტორიული ძეგლის სტატუსით სარგებლობს. წარმატებით შერჩეული ლოკაციის შემდეგ, გერვიგმა არაჩვეულებრივი სამსახიობო დასი შეკრა მეტწილად ახალგაზრდა ქალბატონების - ემა უოტსონის, სირშა რონანის, ფლორენს პიუსა და ელეიზა სკანლენის შემადგენლობით. არ ჩამორჩნენ ახალგაზრდებს არც გამოცდილი მერილ სტრიპი და ლორა დერნი, რომელთაც სწორედ ახალბედა მსახიობებს დაუთმეს ასპარეზი, თვითონ კი უკანა პლანზე გადაინაცვლეს.
კარიერის დასაწყისში პეტი ჯენკინსი მეტწილად სცენარებზე მუშაობდა და მხოლოდ სწავლობდა რეჟისურას კინოხელოვნების ამერიკულ ინსტიტუტში. წარმატებული დრამატურგის სარეჟისორო დებიუტი 2001 წელს შედგა მოკლემეტრაჟიანი ფილმით „უბრალოდ დრაივი“, კომერციულად წარმატებული ტრილერის „მონსტრის“ და რამდენიმე ტელეპროექტის შემდეგ კი, უკვე გამოცდილმა რეჟისორმა დიანე პრინსის პოპულარული კომიქსის „ქალი-საოცრების“ ეკრანიზაცია განახორციელა, რომელმაც 216 მილიონი დოლარი მოაგროვა მსოფლიო გაქირავებაში და ქალი რეჟისორის ყველაზე შემოსავლიან ფილმად იქცა კინოს ისტორიაში.
სხვათა შორის, სწორედ პირველი ნაწილის სოლიდური მოგების წყალობით გაორმაგდა ფრანშიზის მეორე ნაწილში მთავარი როლის შემსრულებლის გალ გადოტის ჰონორარი, თავად ჯენკინსის ანაზღაურება კი, მართალია პროდიუსერებმა მკაცრად გაასაიდუმლოვეს, მაგრამ ჟურნალისტების მტკიცებით, სწორედ ეკრანიზებული კომიქსის წყალობით მოიპოვა მან ყველაზე მაღალანაზღაურებადი ქალი რეჟისორის სტატუსი.
ბიოგრაფიულ დრამას სერიული მკვლელის ეილინ უორნოსის რეალური ისტორია დაედო საფუძვლად. მართალია, მთავარი პერსონაჟის ხასიათის უკეთ გასაგებად, ჯენკისმა მისი რეალური პროტოტიპის გაცნობა მოინდომა, რომელიც საპატიმროში ელოდა სიკვდილით დასჯას, მაგრამ უორნოსმა უარი თქვა მასთან ურთიერთობაზე, თუმცა საუკეთესო მეგობრისთვის დაწერილი ასობით წერილი გადასცა.
ქუჩის მეძავი, რომელმაც შვიდი მამაკაცი გამოასალმა სიცოცხლეს შარლიზ ტერონმა განასახიერა. ფილმის საპრემიერო ჩვენების შემდეგ სწორედ ტერონი მოხვდა პრესის ყურადღების ცენტრში, რადგან როგორც ჟურნალისტებმა აღნიშნეს, „მსახიობმა დაუფიქრებლად შესწირა ბრწყინვალე გარეგნობა მონსტრის როლს და არც წონაში მომატების შეეშინდა, არც საშინელი გრიმის მორგების“. აღფრთოვანება ვერ დამალა ვერც ცნობილმა კრიტიკოსმა როჯერ ებერტმა, რომელმაც ტერონის როლს „საუკეთესო ნამუშევარი უწოდა კინოს ისტორიაში“, ამიტომ არავის გაჰკვირვებია, როცა მსახიობმა BAFTA-სა და „ვერცხლის დათვთან“ ერთად „ოსკარისა“ და „ოქროს გლობუსის“ პრემიებიც მოიპოვა.
მართალია, ფრენსის ფორდ კოპოლას შვილმა მთელი ბავშვობა გადასაღებ მოედანზე გაატარა და მამის თითქმის ყველა ადრეულ ნამუშეავრში მიიღო მონაწილეობა „გარიყულებისა“ და „კლუბ „კოტონის“ ჩათვლით, მაგრამ მისი გზის გაგრძელებას მაინც ნაკლებად ფიქრობდა. მეტიც, 1990 წელს განგსტერული საგის „ნათლიმამას“ მესამე ნაწილში მონაწილეობის შემდეგ, როცა მაიკლ კორლეონეს ქალიშვილი განასახიერა და მხოლოდ კრიტიკა დაიმსახურა, უმცროსმა კოპოლამ საერთოდ აიცრუა გული კინოზე.
სოფია მოდის ინდუსტრიით დაინტერესდა და ჯერ Chanel-ის მოდის სახლში გაიარა სტაჟირება, მერე საკუთარი ბრენდი შექმნა და fashion-ჟურნალის რედაქტორობა მოინდომა, თუმცა დროულად გადაიფიქრა. ფილმის გადაღების სურვილი კოპოლას ჯეფრი ეუჯენიდესის რომანის „თვითმკვლელი ქალწულების“ გაცნობის შემდეგ გაუჩნდა, რადგან სწორედ მოზარდი დების ტრაგიკულმა ისტორიამ შთააგონა სარეჟისორო დებიუტზე, მარტოობის თემა კი, მთელი მისი შემოქმედების ლაიტმოტივად იქცა.
მართალია, პირველმა მცდელობამ გაამართლა, მაგრამ ბევრად წარმატებული აღმოჩნდა მეორე ნამუშევარი - ტრაგიკომედია „თარგმანში დაკარგული“, რომელმაც „ოსკარის“ ოთხი ნომინაცია დაიმსახურა. პრემიით აღინიშნა კოპოლას მონდომებაც, თუმცა ახალგაზრდა რეჟისორი ამჯერად საუკეთესო სცენარის ნომინაციაში დაჯილდოვდა. ვენეციის კინოფესტივალის „ოქროს ლომი“ დაიმსახურა რეჟისორის კიდევ ერთმა ნამუშევარმა- კომედიამ „სადღაც“, დრამამ „საბედისწერო ცდუნებამ“ კი, კანის კინოფესტივალის პრემია მოიპოვა საუკეთესო რეჟისურისთვის.
მართალია, ფილმი ენტონი ფრეიზერის ბიოგრაფიული რომანის მიხედვით შეიქმნა, მაგრამ კოპოლა არა იმდენად საფრანგეთის დედოფლის ისტორიის მოთხრობას, რამდენადაც მთავარი გმირის
შინაგანი სამყაროს ამოხსნასა და პოსტმოდერნისტული დრამის დადგმას ცდილობდა მე-18 საუკუნის თვითმყოფადი გარემოს ფონზე.
ძალიან გაუმართლა რეჟისორს, როცა ფრანგული არქიტექტურული შედევრების - ვერსალის სასახლისა და პარიზის ოპერის დეკორაციებში მიიღო გადაღების უფლება, ეპოქისთვის დამახასიათებელი ანტურაჟის შესაქმნელად კი, როკოკოს პერიოდის ფერმწერთა ტილოები, მათი ფერთა გამა გამოიყენა და რამდენიმე ნახატიც გააცოცხლა ეკრანზე. არანაკლებ შთამბეჭდავი აღმოჩნდა დედოფლის გარდერობი და მისი სამასამდე კოსტიუმი, რომელთა შექმნა დიზაინერმა მილენა კანონერომ ითავა და „ოსკარის“ პრემიაც დაიმსახურა, ფეხსაცმელზე კი, მანოლო ბლანიკმა იზრუნა. ესპანელმა დიზაინერმა 100-მდე მოდელი შეიმუშავა და მართლაც უნიკალური კოლექცია წარუდგინა პუბლიკას.
ცნობილ კინემატოგრაფიულ დინასტიას მიეკუთნება ფრენსის კოპოლას შვილიშვილი ჯიაც. მისი მამა - ჯან-კარლო კოპოლა დამწყები მსახიობი და პროდიუსერი იყო, თუმცა 22 წლისა დაიღუპა, ისე რომ შვილის დაბადებას ვერ მოესწრო, დედა - ჟაკლინ დელა ფონტანა კი, ნაკლებად ცნობილი კოსტიუმერი, მსახიობი და პროდიუსერია.
მართალია, პირველად ჯია 2 წლის ასაკში გამოჩნდა ეკრანზე, მაგრამ მსახიობობა არასდროს უცდია, რადგან არჩერის პრესტიჟული სკოლის დასრულების შემდეგ ბარდის კოლეჯში ჩააბარა ფოტოგრაფიის შესასწავლად, რეჟისურით კი, 2010 წელს დაინტერესდა, როცა რამდენიმე მოკლემეტრაჟიანი ფეშენ-ფილმი გადაიღო ცნობილი ბრენდისთვის. კოპოლას სრულფასოვანი დებიუტი 2013 წელს შედგა დრამით „პალო-ალტო“, რომელიც ჯეიმს ფრანკოს მოთხრობების მიხედვით და მისივე მონაწილეობით დადგა, პარტნიორობა კი, ცნობილ მსახიობს ველ კილმერმა და ემა რობერტსმა გაუწიეს.
თითქმის 15-წლიანი კარიერის მანძილზე კოპოლამ რამდენიმე ვიდეორგოლი და დრამა „მეინსტრიმი“ გადაიღო, რომელიც ერთგვარ სატირად იქცა ვიდეობლოგერებზე. მთავარი როლები ფილმში ენდრიუ გარფილდმა და მაია ჰოუკმა - კიდევ ერთი ცნობილი კინოდუეტის, მსახიობების უმა თურმანისა და ითან ჰოუკის ქალიშვილმა შეასრულა.
მოთხრობებში, რომელთაც კრებულმა „პალო-ალტო“ მოუყარა თავი, ჯეიმს ფრანკომ საკუთარი მოზარდობა გაიხსენა, როცა მეგობრებთან ერთად ეძებდა თავგადასავლებს, კოპოლამ კი, ერთ ისტორიაში გააერთიანა და დრამა შექმნა თანამედროვე ახალგაზრდებზე, რომლებიც ხიფათის ძიებაში ცდილობენ 80-იანელთა მიბაძვას და მათივე გამოცდილების გაზიარებას.
სადებიუტო ფილმზე სამუშაოდ ჯიამ პრაქტიკულად მთელი ოჯახი დაიხმარა. ჟაკლინს მთავარი გმირის - ეიპრილის დედის განსახიერება მიანდო, ბიძაშვილს რობერტ შვარცმანს საუნდთრეკის შექმნა სთხოვა, „თვითმკვლელი ქალიშვილების“ პოსტერით ერთ-ერთი პერსონაჟის ოთახში კი, მამიდის მიმართ გამოხატა პატივისცემა.