კახა კალაძის განცხადება ვნახე, სადაც გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრზე ამბობს, რომ რეალობას არის აცდენილი. ვისზე ლაპარაკობ, რას ლაპარაკობ? - თუ მართლა გინდა ევროპა, ასე ხომ არ მოიქცევი?! , - ამის შესახებ „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ზურა ჯაფარიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა.
ჯაფარიძის შეფასებით, როცა ძირს უთხრი ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებას, ნიშნავს იმას, რომ „სხვა ტიპის ფაქტორებია მოქმედებაში“.
მისი განმარტებით, ეს ფაქტორი არის რუსეთი.
„კალაძის განცხადება ვნახე, სადაც გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრზე ამბობს, რომ რეალობას არის აცდენილი. ვისზე ლაპარაკობ, რას ლაპარაკობ? თუ მართლა გინდა ევროპა, ასე ხომ არ მოიქცევი?! არავინ ხომ არასად მიგვათრევს? ჩვენ ვამბობთ, რომ გვინდა ამ კლუბის წევრობა. როგორ შეიძლება ამბობდე, რომ გინდა კლუბის წევრობა და თან აგინებდე. ამიტომაც ვარ პესიმისტურად განწყობილი, რომ კანდიდატის სტატუსი მივიღოთ. თუ ხარ ხელისუფლება, რომელსაც გამოძრავებს მოტივი, რომ ხელისუფლებაში დარჩე, ძალიან ბუნებრივია 12 პუნქტი შეასრულო, ისტორიაში შედიხარ ხელისუფლება, რომელმაც ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მოუპოვა ქვეყანას, ხელისუფლებაში ყოფნას კიდევ რამდენიმე წლით იხანგრძლივებ. როცა ამას მიზანმიმართულად არ აკეთებ, პირიქით ისეთ რაღაცებს აკეთებ, რაც ძირს უთხრის ამ საკითხს, მაშინ ეგ ნიშნავს იმას, რომ სხვა ტიპის ფაქტორებია მოქმედებაში. ჩემი აზრით ეს ფაქტორი არის რუსეთი. სხვა ახსნა ამას არ აქვს“, - განაცხადა ჯაფარიძემ.
ამასთან, მან ბრიუსელში გამართულ შეხვედრებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ შეხვედრების შემდეგ დარჩა შთაბეჭდილება, რომ კანდიდატის სტატუსის მიღების შანსი ძალიან დაბალია.
„ჩვენ დასავლელ პარტნიორებში მყარი რწმენა არ არსებობდა, რომ ამ ქვეყნის მოქალაქეები მზად ვართ დავიცვათ ამ ქვეყნის ევროპული მომავალი. ამ აქციებმა თუ რამე გააკეთა არის, ის რომ ეს რწმენა გააჩინა.
კანდიდატის სტატუსის მიღების შანსი ძალიან დაბალია. მე არ მჯერა, რომ ეს შესაძლებელია. ნოემბრის და მარტის თვის შეხვედრებისგან განსხვავება იყო ის, რომ ნოემბერში 10 შეხვედრიდან 8-ში გვეუბნებოდნენ, რომ დასხედით „ქართულ ოცნებასთან“ და იმუშავეთ ერთად. ახლაც 10 შეხვედრა გვქონა და არავის მსგავსი არ გაუმეორებია.
ვერ ხედავენ პოლიტიკურ ნებას, რომ რომელიმე პუნქტი შეასრულოს „ქართულმა ოცნებამ“ და პირიქით პრობლემებს ელოდებიან“,- განაცხადა ჯაფარიძემ.