თანამედროვე სამყარო მხოლოდ რამდენიმე პოლიტიკოს ქალს იცნობს, ვინც არა მხოლოდ მილიონობით ადამიანის მსოფლმხედველობა შეცვალა, არამედ მომავალიც განსაზღვრა. გავლენიანი ქალბატონების მცირერიცხოვან ჯგუფს მიეკუთნება ინდოეთის პირველი და ერთადერთი ქალი პრემიერ-მინისტრი - მებრძოლი და შეუპოვარი ინდირა განდიც, რომელმაც წარუშლელი კვალი დატოვა საკუთარი ქვეყნის ისტორიაში. მართალია, პოლიტიკურ არენაზე განდის, რომელსაც ხშირად „ბრიტანელ რკინის ლედის“ მარგარეტ ტეტჩერს ადარებდნენ და „მთელი ინდოეთის დედას“ უწოდებდნენ, მომხრეებიც მრავლად ჰყავდა და მოწინააღმდეგეებიც, მაგრამ ყველამ ერთხმად აღიარა მისი უზარმაზარი წვლილი ინდოეთის განვითარებაში.
ინდირა 1917 წლის 19 ნოემბერს დაიბადა უტარ-პრადეშის შტატის ქალაქ ალაჰაბადში, ცნობილი პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეების ოჯახში, რომლებიც ყოველთვის აქტიურად იბრძოდნენ ინდოეთის დამოუკიდებლობისთვის.
ინდირას მამა - ჯავაჰარლალ ნერუ, რომელიც 1947 წელს, დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ ინდოეთის პირველი პრემიერ-მინისტრი გახდა, იმ პერიოდში მხოლოდ იწყებდა პოლიტიკურ საქმიანობას უმსხვილესი პარტიის - ინდოეთის ნაციონალური კონგრესის შემადგენლობაში. არანაკლები პატივისცემით სარგებლობდა მისი ბაბუა მოტილალ ნერუც - იმავე ნაციონალური კონგრესის პარტიის ვეტერანი წარმომადგენელი.
აქტიურად მონაწილეობდნენ ქვეყნის საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში ნერუს დინასტიის ქალბატონებიც - ინდირას ბებია სვარუპ რანი და დედა კამალა, რომელთაც საკუთარ თავზე გამოცადეს კოლონიალური რეჟიმის სისასტიკე, ურჩობისა და დაუმორჩილებლობისთვის კი, არაერთხელ მოხვდნენ საპატიმროში. სხვათა შორის, ინდური ტრადიციების დარღვევით, ინდირა არა დედის, არამედ ბაბუის წმინდა ადგილას აშენებულ მდიდრულ სახლში დაიბადა, სახელი კი, რაც „მთვარის ქვეყანას“ ნიშნავს, მშობლიური ინდოეთის პატივსაცემად შეიძინა.
ნერუს სახლში ყოველთვის უამრავი ინტელექტუალი - მათი მეგობრები და თანამოაზრეები იყრიდნენ თავს, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ მომავალმა პრემიერ-მინისტრმა ადრეული ასაკიდანვე კარგად იცოდა ქვეყნის ისტორია და ბრწყინვალედ ერკვეოდა პოლიტიკურ საკითხებში, აქტიურად მონაწილეობდა დემონსტრაციებში და თამამად ასრულებდა კურიერის ფუნქციას საპროტესტო მოძრაობაში ჩაბმული მეამბოხეებისათვის.
მშობლები ყოველთვის ყურადღებით და მზრუნველობით ანებივრებდნენ ერთადერთ ქალიშვილს, აქტუალური საკითხების განხილვისას კი, არა მხოლოდ უფროსების გვერდით ყოფნის, არამედ მათ დისკუსიაში ჩარევის უფლებასაც აძლევდნენ. მეტიც, დაპატიმრებული ჯავაჰარლალი სწორედ ქალიშვილთან აწარმოებდა მიმოწერას, მას უზიარებდა საკუთარ განცდებსა და მოსაზრებებს ქვეყნის მომავალზე.
ძალიან გაუმართლა ორი წლის ინდირას, როცა მაჰათმა განდის შეხვდა, რვა წლისამ კი, მისი რჩევით საშინაო ქსოვის განვითარების ბავშვთა კავშირი შექმნა და მეგობრებთან ერთად ჩაება მისივე ბაბუის სახლში მოწყობილი სახელოსნოს მუშაობაში. დაწყებითი განათლება ინდირამ სახლში მიიღო, 1934 წელს კი, ცნობილი პოეტის რაბინდრანატ თაგორის მიერ შექმნილ სახალხო უნივერსიტეტში გააგრძელა სწავლა, თუმცა დედის ავადმყოფობამ დროებით განათლების მიღებაზე უარის თქმა და ევროპაში გამგზავრება აიძულა, სადაც კამალა ტუბერკულიოზს მკურნალობდა.
1937 წელს ინდირამ ოქსფორდის უნივერსიტეტთან არსებულ სომერვილის კოლეჯში ჩააბარა ისტორიისა და ანთროპოლოგიის შესასწავლად. მართალია, მომავალ პრემიერ-მინისტრს ძალიან გაუჭირდა მისაღები გამოცდების ჩაბარება და შესავალი კურსის გავლა, რადგან საერთოდ არ იცოდა ლათინური, მაგრამ ინგლისური ენის ბრწყინვალედ ცოდნის ხარჯზე ყველა დაჯაბნა პოლიტოლოგიის, ეკონომიკისა და ისტორიის ლექციებზე.
მეორე მსოფლიო ომმა ინდირას სამშობლოში აიძულა დაბრუნება, თუმცა ინდოეთისკენ რთული გზის დაძლევა ახალგაზრდა ქალს სამხრეთ აფრიკის გავლით მოუხდა, სადაც უამრავი ინდუსი ცხოვრობდა. სწორედ კეიპტაუნში ინდურ დიასპორასთან შეხვედრისას შედგა მომავალი პრემიერის საჯარო გამოსვლა, რომელიც მოგვიანებით მის პირველ პოლიტიკურ მანიფესტად იქცა.
ბრიტანეთში სწავლისას ინდირამ წარმოშობით პარსი ანუ ირანელი ინდოელი, ზოროასტრიზმის მიმდევარი ფეროზ განდი გაიცნო, რომელსაც 1942 წლის მაისში გაჰყვა ცოლად ყველა კასტური და რელიგიური წესის დარღვევით. ორთოდოქსმა ინდუსებმა, განსაკუთრებით არისტოკრატთა კასტამ, რომელსაც თავად ნერუს დინასტია მიეკუთვნებოდა, ახალგაზრდა ქალის მსგავსი სითამამე მკრეხელობად მიიჩნია, რადგან კასტებსშორის ქორწინება უძველესი წესების და ადათის შეურაცხყოფად ითვლებოდა, მით უფრო, რომ ინდირამ მეუღლის გვარი მიიღო. აღსანიშნავია, რომ იდენტური გვარის მიუხედავად, ფეროზს არასდროს ჰქონია ნათესავური კავშირი მაჰათმა განდისთან.
იმავე წლის სექტემბრის თვეში წყვილი დააპატიმრეს. მართალია, ოფიციალურ მიზეზად აბსურდული წვრილმანი დასახელდა, მაგრამ სინამდვილეში, სწორედ კასტური ტრადიციების დარღვევა ვერ აპატიეს მეუღლეებს. გაუსაძლისი პირობების მიუხედავად, ინდირამ მაინც ღირსეულად გაუძლო რამდენიმეთვიან პატიმრობას. 1944 წელს წყვილს უფროსი ვაჟი - რაჯივი შეეძინა, ორი წლის შემდეგ კი, უმცროსი სანჯაი დაიბადა, რომელიც 1980 წელს გაურკვეველ ვითარებაში დაიღუპა ავიაკატასტროფაში.
აღსანიშნავია, რომ სწორედ სანჯაი მოიაზრებოდა დედის მემკვიდრედ, თუმცა გარდაცვალების შემდეგ პრემიერ-მინისტრის პოსტი მისმა უფროსმა ძმამ დაიკავა. არ გაუმართლა არც რაჯივს, რომელიც 1991 წელს წინა საარჩევნო კამპანიის დროს იმსხვერპლა თვითმკვლელმა ტერორისტმა.
1947 წელს, კოლონიზატორი ბრიტანელებისგან გათავისუფლებისა და დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, ინდოეთის მართვა პირველმა ეროვნულმა მთავრობამ ჩაიბარა ქვეყნის ისტორიაში პირველი პრემიერ-მინისტრის ჯავაჰარლალ ნერუს ხელმძღვანელობით. ინდირა მამის პირადი მდივანი გახდა და ყველა საზღვარგარეთული ვიზიტის დროს თან ახლდა. 1950-იან წლებში სწორედ მამასთან ერთად იმოგზაურა ინდირამ საბჭოთა კავშირის თითქმის ყველა რესპუბლიკაში საქართველოს ჩათვლით. მეტიც, პოლიტიკური კარიერის მანძილზე განდი ორჯერ ეწვია თბილისს.
1955 წელს ინდირა ინდოეთის ნაციონალურ კონგრესს შეუერთდა და ჯერ ცენტრალური საპარლამენტო საბჭოს წევრი გახდა, მერე ქალთა ორგანიზაციის მდივნის პოსტი ჩაიბარა, მოგვიანებით კი, მამასთან ერთად მიიღო მონაწილეობა ბანდუნგის კონფერენციაში, რომელმაც ე.წ. „არ მიერთების მოძრაობას“ ჩაუყარა საფუძველი და სამხედრო ბლოკებში გაწევრიანების მოწინააღმდეგე 120 ქვეყანა გააერთიანა.
1964 წელს, ნერუს გარდაცვალების შემდეგ განდიმ ინდოეთის პარლამენტის ქვედა პალატაში მოიპოვა დეპუტატის მანდატი, რამდენიმე თვის შემდეგ ინფორმაციისა და რადიომაუწყებლობის მინისტრის პოსტი დაიკავა, 1966 წელს კი, ნაციონალური კონგრესის ლიდერის სტატუსით ჩაუდგა ქვეყნის მმართველობას სათავეში.
უმაღლეს პოსტზე განდიმ პირველ რიგში ფინანსური ორგანიზაციების ნაციონალიზაცია განახორციელა, რითაც კონსერვატორთა წყრომა დაიმსახურა. უკმაყოფილება მოჰყვა ბიზნესისა და სოფლის მეურნეობის სფეროში გატარებულ რეფორმებსაც, თუმცა პრემიერმა მაინც არ დაინახა უკან. მართალია, მმართველობის პირველ წლებში ოპონენტები განდის პოლიტიკას უფრო აკრიტიკებდნენ, ვიდრე ემხრობოდნენ, მეტიც, უთანხმოებამ ნაციონალური კონგრესის დაშლაც კი გამოიწვია, მაგრამ პრემიერმა მაინც შეძლო რიგითი ინდოელების მხარდაჭერის მოპოვება, რაც 1971 წელს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებაშიც დაეხმარა.
ბანკებისა და სხვა ფინანსური ორგანიზაციების ნაციონალიზაციასთან ერთად განდის მმართველობა მრეწველობის და სოფლის მეურნეობის განვითარებითაც აღინიშნა. მეტიც, სწორედ აგრარული რეფორმის წყალობით თქვა იმპორტულ საქონელზე დამოკიდებულმა ინდოეთმა უცხოეთიდან სურსათით მომარაგებაზე უარი და თავად შეუდგა პროდუქტის ექსპორტირებას. ამავე პერიოდში აშენდა პირველი ატომური ელექტროსადგურიც, რომელმაც უამრავი პრობლემა გადაწყვიტა კომუნალურ სფეროში.
ქვეყნის განვითარება პაკისტანთან ომმა შეაფერხა, რადგან ინდოეთმა არა მხოლოდ ეკონომიკური კრიზისი განიცადა, არამედ შიდანაციონალური კონფლიქტებითაც იზარალა. სირთულეები შეექმნა თავად განდისაც, რომელიც 1975 წელს უტარ-პრადეშის უმაღლესმა სასამართლომ 1971 წლის არჩევნების დროს კანონმდებლობის დარღვევაში დაადანაშაულა და თანამდებობიდან გადადგომა მოსთხოვა, თუმცა პრემიერმა კონსტიტუცია მოიშველია და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებით შეინარჩუნა პოსტი.
მართალია, ექსტრემალურმა ზომებმა ეკონომიკურ კრიზისთან ერთად კონფესიათა შორის დაპირისპირებაც მოაგვარა, მაგრამ წარმატება განდის საკმაოდ ძვირი დაუჯდა, რადგან უპირატესობის მოპოვება მხოლოდ მოქალაქეთა უფლებების შეზღუდვისა და ოპოზიციური პრესის ერთიანად დახურვის ხარჯზე მოახერხა. თუმცა, პრემიერის ყველაზე მარცხიან გადაწყვეტილებად, რისთვისაც დღმდე აკრიტიკებენ, იძულებითი სტერილიზაციის კანონი იქცა. რა თქმა უნდა, თავიდან ინიციატივა მხოლოდ ნებაყოფლობით ხასიათს ატარებდა და მცირე ფინანსურ წახალისებას ითვალისწინებდა, თუმცა მოგვიანებით რეკომენდაცია კანონად იქცა, რომლის თანახმად ყველა მამაკაცი, ვისაც სამი შვილი ჰყავდა, ვალდებული იყო გაევლო მსგავსი პროცედურა, მეოთხე ბავშვზე ორსულ ქალს კი, აუცილებლად აბორტი ელოდა.
ინდოეთი ყოველთვის ლიდერობდა მაღალი შობადობის მაჩვენებლებით, რაც სიღატაკის მთავარ მიზეზად ითვლებოდა, თუმცა მორალურად მძიმე და მიუღებელი აღმოჩნდა იძულებითი სტერილიზაცია, რომელმაც ინდოელების ღირსება შელახა. სწორედ ამგვარი ხისტი გადაწყვეტილებები იქცა მასობრივი უკმაყოფილების მიზეზად, თავად განდიმ კი, „ინდოელი რკინის ლედის“ სახელი დაიმსახურა. პრემიერის სასტიკი და დაუნდობელი კანონების ლოგიკურ დასასრულად 1977 წლის საპარლამენტო არჩევნები იქცა, რომელშიც მმართველი პარტია სამარცხვინოდ დამარცხდა.
პოლიტიკური კრახის მიუხედავად, განდიმ მაინც შეძლო დაკარგული ნდობის დაბრუნება, როცა 1978 წელს განახლებული ნაციონალური კონგრესი წარუდგინა საზოგადოებას, 2 წლის შემდეგ კი, ისევ პარტიის ლიდერის სტატუსით დაიკავა პრემიერ-მინისტრის პოსტი, თუმცა ამჯერად არა იმდენად შიდა პრობლემებზე, რამდენადაც ინდოეთის საერთაშორისო მასშტაბით განვითარებაზე გააკეთა აქცენტი.