თბილისის მერია აპლიკაციას ქმნის, სადაც მოქალაქეები დედაქალაქში ინფრასტრუქტურის დაზიანების შესახებ ინფორმაციას განათავსებენ. თბილისის მერია უკვე მუშაობს აღნიშნულ აპლიკაციაზე სახელწოდებით - "ფიქს თბილისი". ამის შესახებ კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, მოქალაქეები აღნიშნული აპლიკაციის საშუალებით, მუნიციპალიტეტს ინფორმაციას ცხელ ხაზზე დარეკვის გარეშე მიაწვდიან. კალაძის ინფორმაციით, აპლიკაცია თავდაპირველად გააერთიანებს საგზაო ინფრასტრუქტურის, ხე-მცენარეების, გარე განათებისა და საპარკო ინფრასტრუქტურის დაზიანებების შესახებ ინფორმაციას. აპლიკაცია პირველი მაისიდან ამოქმედდება, სადაც მოქალაქეები განახლებულ ინფორმაციას მიიღებენ, თუ რა ეტაპზეა მათ მიერ დაფიქსირებული პრობლემის მოგვარება.