შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, 22 მარტს, 12:00 საათიდან 14:00 საათამდე, „ბათუმი არენას“ ტერიტორიაზე, „ბათუმი არენას“ თანამშრომლებისთვის სახანძრო-სამაშველო სიმულაციური პრაქტიკული სწავლება ჩატარდება.
უწყება მოსახლეობას აფრთხილებს, რომ წვრთნები გარკვეულ ხმაურს გამოიწვევს, რაც მოქალაქეებისთვის შიშისა და საფრთხის საფუძველი არ უნდა გახდეს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 22 მარტს, 12:00 საათიდან 14:00 საათამდე, „ბათუმი არენას“ ტერიტორიაზე, სსიპ სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტოს ორგანიზებით და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ჩართულობით, „ბათუმი არენას“ თანამშრომლებისთვის სახანძრო-სამაშველო სიმულაციური პრაქტიკული სწავლება ჩატარდება.
ღონისძიების მიზანია სწავლების მონაწილეებისთვის საგანგებო სიტუაციების დროს ქცევის წესების, ხანძრის ქრობის ღონისძიებების, დაშავებულთა ევაკუაციისა და პირველადი დახმარების მეთოდების გაცნობა.
სწავლება პრაქტიკულ სიმულაციურ წვრთნებს მოიცავს. მეხანძრე-მაშველები სპეციალური ტექნიკისა და აღჭურვილობის გამოყენებით, ხანძრის დროს მოქმედების ყველა აუცილებელი კომპონენტის დემონსტრირებას მოახდენენ.
ვაფრთხილებთ ადგილობრივ მოსახლეობას, წვრთნები გარკვეულ ხმაურს გამოიწვევს, რაც მოქალაქეებისთვის შიშისა და საფრთხის საფუძველი არ უნდა გახდეს,“ - აღნიშნულია განცხადებაში.