ჩინურ ავიაკომპანიებს აშშ-ში რუსეთის საჰაერო სივრცით ფრენა შესაძლოა, აეკრძალოთ. შტატების ტრანსპორტის დეპარტამენტმა შეიმუშავა ბრძანების პროექტი, რომლითაც ჩინურ სამგზავრო ავიაკომპანიებს აშშ-ში რუსეთის საჰაერო სივრცით ფრენები აეკრძალებათ. ინფორმაციას The New York Times სამ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. უცხოური ავიაკომპანიებისთვის, რომლებიც რუსეთის საჰაერო სივრცეს იყენებენ, შეზღუდვების შემოღება ინდუსტრიის ლობისტურმა ჯგუფმა, Airlines for America-მ დააინიცირა. ჯგუფი ამტკიცებს, რომ უცხოური ავიაკომპანიები, რომლებიც ამერიკაში და ამერიკიდან რეისებს რუსეთის საჰაერო სივრცის გავლით ასრულებენ, მსხვილ ბაზრებზე, როგორიც არის ჩინეთი და ინდოეთი, ამერიკულ კომპანიებთან შედარებით მნიშვნელოვანი კონკურენტული უპირატესობით სარგებლობენ. რუსეთის საჰაერო სივრცეზე უარის თქმის შემდეგ აზიის მიმართულებით ამერიკული ავიაკომპანიებისთვის ფრენების ხანგრძლივობა და საწვავის მოხმარება მნიშვნელოვნად გაიზარდა. ამასთან, ამერიკულ გადამზიდავებს წყნარი ოკეანის რეისების გრაფიკის შეცვლა, მგზავრებისა და ტვირთების მაქსიმალურად შემცირება მოუწიათ. ამერიკული ავიახაზების მიერ დაკარგული ბაზრის წლიური წილი ლობისტურმა ჯგუფმა 2 მლრდ დოლარად შეაფასა. შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირმა და პარტნიორმა ქვეყნებმა რუსული თვითმფრინავებისთვის საჰაერო სივრცე 2022 წლის მარტის დასაწყისში, უკრაინის ომის დაწყებიდან მელავე დახურეს. ამის საპასუხოდ რუსეთმა ფრენები 30-ზე მეტი ქვეყნიდან, მათ შორის ევროკავშირიდან და აშშ-დან აკრძალა. უცხოური ავიაკომპანიებისთვის შეერთებულ შტატებში რუსეთის გავლით ფრენების აკრძალვის წინადადებით ამერიკელი სენატორები უკრაინის ომის წლისთავზე, 24 თებერვალსაც გამოვიდნენ.