ქართული სატაცურისა და მოცვის მწარმოებელი კომპანია "ჯეოფრეში" წელს 25 ტონამდე სატაცურის მოსავალს სპარსეთის ყურეს ქვეყნებში ექსპორტისთვის ამზადებს. “ჯეოფრეშის“ წარმომადგენლის განცხადებით, კომპანიამ GlobalG.AP სერტიფიკატი განაახლა და მზადაა ახლო აღმოსავლეთის ბაზრებზე ექსპორტისთვის. როგორც გამოცემა east-fruit-ი წერს, დღეისათვის, კომპანია აღმოსავლეთ საქართველოში 13 ჰექტარზე სატაცურს აწარმოებს და პროდუქციის მოწევის სეზონი წელს აპრილის ბოლოს დაიწყება. კომპანიამ მოამზადა ახალი სამაცივრე მეურნეობაც, სადაც სატაცურის დახარისხება და შეფუთვა მოხდება. „ჯეოფრეშის“ სატაცურის საექსპორტო ფასი წელს, ხარისხის გათვალისწინებით, კილოგრამზე 10-11 დოლარი იქნება. ცნობისათვის, კომპანია „ჯეოფრეში“ სამეგრელოს რეგიონში 7 ჰექტარზე მოცვის პლანტაციასაც ფლობს. ექსპორტის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, პროდუქტის ჯიშის შეცვლა და სამაცივრე დანადგარების განახლება მოხდა.