პოპულარული ბრიტანული გამოცემა GOAL.COM 2023 წლის ოქროს ბურთის მაძიებელთა განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა, სადაც საქართველოს ნაკრების ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია მე-6 ადგილზეა. აქამდე ხვიჩა მე-8 ადგილს იკავებდა. GOAL.COM რეიტინგის გამოცხადება ოქტომბერში კარიმ ბენზემას ოქროს ბურთით დაჯილდოების შემდეგ დაიწყო, თავდაპირველად ქართველი მე15 ადგილს იკავებდა, ნოემბერში ის მე-10 იყო, დეკემბერსა და იანვარში მე-9 ხოლო გასულ თვეს უკვე მე-8 ადგილზე აღმოჩნდა, მარტის ბოლოს კი კვარა სარეკორდო მე-6 ადგილზეა. ხვიჩა ასწრებს ისეთ ფეხბურთელებს, როგორებიც არიან, მარკუს რეშფორდი, ნეიმარი, ბენზემა, დევინ დე ბრუინი, ლევანდოვსკი, ჯუდ ბელინგემი, ბუკაიო საკა, ჯამალ მუსიალა, კაზემირო, ლევანდოვსკი.
რეიტინგში პირველ ადგილზე არგენტინელი ლეგენდა ლიონელ მესია, მას ერლინგ ჰაალანდი მოჰყვება, მესამე პოზიციაზეა კილიან მბაპე, მეოთხეზეა კვარას თანაგუნდელი ვიქტორ ოსიმენი, ხოლო მეხუთე ადგილს ვინისიუს ჟუნიორი იკავებს. GOAL.COM- ი კვარაცხელიასა და ნაპოლის შესახებაც წერს და აღნიშნავს, რომ იტალიური გუნდი ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია, ხოლო კვარა პროგრესს განაგრძობს, მას კვლავ გააქვს გოლები და აკეთებს საგოლე გადაცემებს.
ხვიჩა კვარაცხელიას სერია A-ში 23 შეხვედრაში 12 გოლთან და 10 საგოლე გადაცემასთან ერთად 3 მოპოვებული თერთმეტმეტრიანიც მოუგროვდა, ის ბომბარდირთა დავაში მესამე ადგილზეა, კვარა ვიქტორ ოსიმენსა და ლაუტარო მარტინეს ჩამორჩება, საგოლე გადაცემებით კი იტალიაში პირველია. ჩემპიონთა ლიგაზე კვარამ 7 შეხვედრის ჩატარება მოასწო, მის ანგარიშზე 2 გოლი 4 საგოლე გადაცემა და 1 თერთმეტმეტრიანია.