საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებმა მონღოლეთთან და ნორვეგიასთან მატჩებისთვის მზადება თბილისში დაიწყო. ვილი სანიოლის გუნდმა, დღეს, დინამო თბილისის საწვრთნელ ბაზაზე არასრული 17 კაციანი შემადგენლობით ივარჯიშა. ნაკრებს დღეს შეუერთდებიან გიორგი ლორია, გურამ კაშია, ირაკლი აზაროვი, გიორგი გოჩოლეიშვილი, ნიკა კვეკვესკირი, ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი წიტაიშვილი, გიორგი მიქაუტაძე, გიორგი ჩაკვეტაძე.
მონღოლეთის ნაკრებთან ამხანაგურ შეხვედრას ჩვენი გუნდი 25 მარტს, გამართავს. 28 მარტს კი, საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ ტურში ნორვეგიას დაუპირისპირდება. ორივე მატჩი ბათუმში გაიმართება, სადაც ჩვენი გუნდი 24 მარტს გაემგზავრება.
ნაკრებს ტრავმის გამო ვერ დაეხმარება დავით ხოჭოლავა, რომელსაც უახლოეს დღეებში მუხლზე ოპერაცია ჩაუტარდება და დაახლოებით 6-8 კვირას გამოტოვებს, მან გუნდში ბოლო თამაში, გამაყუჩებლების დახმარებით ჩაატარა. მის ნაცვლად ვილი სანიოლმა ნაკრებში დინამო ბათუმის კაპიტანი მამუკა კობახიძე, ასევე ნაკრებთან ერთადაა 17 წლის დებიუტანტი გაბრიელ სიგუა, დინამო თბილისის თინეიჯერი ფეხბურთელი ეროვნულ გუნდთან ერთად მოემზადება მოახლოებული შეხვედრებისთვის და არ არის გამორიცხული მისი დებიუტიც შედგეს.