საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა, 25 და 28 მარტს დაგეგმილი შეხვედრების წინ ტრადიციულად პრესკონფერენცია გამართა, სადაც მედიის წარმომადგნელების კითხვებს უპასუხა. სანიოლმა ხოჭოლავას ტრავმაზე, რუსეთის ჩემპიონატში მოთამაშე საზონოვისა და გაგნიძის გამოძახებასა განაცხადში მოხვედრილ სხვა ფეხბურთელებზე ისაუბრა.
ნორვეგია ძალიან ძლიერი გუნდია, ტოპ მოთამაშეებით. თუმცა, ჩვენც დავამტკიცეთ, რომ გვყავს კარგი ფეხბურთელები, რომლებიც მაღალი დონის მეტოქეებთან კარგად ასპარეზობენ. ვთამაშობთ საკუთარ მოედანზე და ჩვენი მიზანი გამარჯვებაა. მეტოქე გუნდის ფეხბურთელებზე ვერ ვისაუბრებ. თუ ნორვეგიას ჰალანდი ჰყავს, საქართველოს ჰყავს კაშია.
გიორგი ჩაკვეტაძეს, ცუდ პერიოდშიც კი, მისთვის ჩვენი გუნდის კარი ყოველთვის ღია იყო. ვიცი, რომ უყვარს ეროვნული გუნდი და ბედნიერი ვარ, რომ ახლა მეტი სათამაშო დრო აქვს. არ აქვს მნიშვნელობა რომელ პოზიციაზე, მთავარია, რომ თამაშობს და სწორედ ამიტომ არის ჩვენთან ერთად. გიორგისთან, როგორც ყოველთვის, ამჯერადაც ვისაუბრებთ. იცით ჩვენი ბოლოდროინდელი ტაქტიკური სქემა და კარგ ფორმაში მყოფ ჩაკვეტაძეს რამდენიმე პოზიციაზე შეუძლია ჩვენთვის სარგებლის მოტანა.
დავით ხოჭოლავას შემთხვევაში უჩვეულო სიტუაციაა. ვიცოდით, რომ პრობლემა აქვს მუხლთან დაკავშირებით, თუმცა კლუბის თხოვნას დათანხმდა და ითამაშა. ახლა ის ოპერაციისთვის ემზადება, რის შემდეგაც 6-დან 8 კვირამდე გაუცდება. ასე რომ, შეუძლებელი იყო ჩვენთან ერთად ყოფილიყო. პარასკევს ვესაუბრე და მითხრა, რომ არ სურდა კლუბში თამაში, რადგან ტკივილი აწუხებდა. რა თქმა უნდა, ნაკრებს დიდი სიამოვნებით დაეხმარებოდა, თუმცა მენისკის პრობლემა საკმაოდ სერიოზულია, დროულ მკურნალობას საჭიროებს.
საბა საზონოვმა არაერთხელ დაგვიდასტურა საქართველოს ნაკრებში თამაშის სურვილი. თუ მივიჩნევ, რომ ის დაგვეხმარება ნორვეგიასთან შეხვედრაში, აუცილებლად ითამაშებს. ნოემბრის შეკრებაზე მაჩვენა პროფესიონალური მიდგომა და ბედნიერი ვარ მისი საქართველოს ნაკრებში ყოფნით. გაგნიძე ეროვნულ გუნდში აქამდე არ გამომიძახებია. ვფიქრობდი, რომ არ იყო მზად, თუმცა დავაკვირდი მის თამაშს და ახლა შანსი დაიმსახურა. მას შეუძლია დაგვეხმაროს ჩვენი მიზნის მიღწევაში.
საქართველოს ნაკრები 24 მარტამდე თბილისში მოემზადება, 25 მარტს ბათუმში მონღოლეთთან ამხანაგურ შეხვედრას გამართავს, 28 მარტს კი ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის პირველ შეხვედრას ნორვეგიის წინააღმდეგ კვლავ ბათუმში ითამაშებს.