მომავალი სამშვიდობო გეგმა უნდა ეფუძნებოდეს რუსული ძალების სრულად გაყვანას უკრაინის ტერიტორიიდან, - ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ოლექსი დანილოვმა განაცხადა.
მისი თქმით, ჩინეთის "მშვიდობის გეგმის" წარმატებით განხორციელების ფორმულა მოსკოვისგან უკრაინის "სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის" აღდგენას უნდა მოითხოვდეს.
„ჩინეთის "სამშვიდობო გეგმის" წარმატებით განხორციელების ფორმულა: უპირველესი და უმთავრესი პუნქტი არის რუსული საოკუპაციო ძალების კაპიტულაცია ან გაყვანა უკრაინის ტერიტორიიდან საერთაშორისო სამართლისა და გაერო-ს წესდების შესაბამისად უკრაინის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მიზნით“, - წერს დანილოვი „ტვიტერზე“.
შეგახსენებთ, ჩინეთმა წინა თვეში უკრაინის კონფლიქტის 12-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა გამოაქვეყნა. კრემლის ინფორმაციით, ჩინეთის პრეზიდენტის, სი ძინპინის რუსეთში ვიზიტის ფარგლებში, რუსეთისა და ჩინეთის პრეზიდენტების შეხვედრის ერთ-ერთი თემა უკრაინაში მშვიდობის საკითხი იქნება.