ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოუწოდებს, მიუკერძოებელი პოზიცია დაიჭიროს და თავი აარიდოს პოლიტიზაციასა და ორმაგ სტანდარტებს.
„სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ უნდა დაიცვას ობიექტური და მიუკერძოებელი პოზიცია, პატივი სცეს სახელმწიფოს მეთაურის იურისდიქციულ იმუნიტეტს საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, თავისი ფუნქციები და უფლებამოსილებები გონივრულად განახორციელოს, კეთილსინდისიერად განმარტოს და გამოიყენოს საერთაშორისო სამართალი და თავიდან აიცილოს პოლიტიზაცია და ორმაგი სტანდარტები“, - განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ვან ვენბინმა.
ჰააგის სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის დაპატიმრების ორდერი გასცა. ამის შესახებ ჰააგაში მდებარე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პრეს-რელიზში წერია. კერძოდ, წინასასამართლო საქმე წარმოების II პალატამ ვლადიმერ პუტინისა და ბავშვთა საქმეებში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის სრულუფლებიანი წარმომადგენლის, მარია ლვოვა-ბელოვას დაკავების ორდერები გასცა.