ჩეხეთის პრეზიდენტი პეტრ პაველი მიიჩნევს, რომ უკრაინამ მიმდინარე წელს კონტრშეტევის შესაძლებლობა უნდა გამოიყენოს, რადგან მოკავშირეებისგან დახმარების მიღება მომავალში ახალი მცდელობისთვის უკიდურესად რთული იქნება.
„ბევრი ქვეყანა, ბევრი პოლიტიკოსი ელოდება გარკვეულ პროგრესს წელს. მე ვფიქრობ, რომ უკრაინას დიდი კონტრშეტევის განხორციელების მხოლოდ ერთი მცდელობის საშუალება ექნება. ასე რომ, თუ ის გადაწყვეტს დიდი კონტრშეტევის წამოწყებას და მარცხს განიცდის, უკიდურესად რთული იქნება შემდეგისთვის დაფინანსების მოპოვება“, - აღნიშნა ჩეხეთის პრეზიდენტმა.
პეტრ პაველის თქმით, კონტრშეტევის განხორციელება რამდენიმე თვეში უნდა მოხდეს. ჩეხეთის პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ „შესაძლებლობის ფანჯარა წელს ღიაა, მომავალი ზამთრის შემდეგ კი უკიდურესად რთული იქნება დახმარების ამჟამინდელი დონის შენარჩუნება“.