რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც უკრაინაში მიმდინარე ე.წ. „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მონაწილეების დისკრედიტაციისთვის და მათ შესახებ „ფეიკის“ გავრცელებისთვის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
კანონი, რომელიც სახელმწიფო დუმამ 14 მარტს მიიღო და ფედერაციის საბჭომ მეორე დღეს დაამტკიცა, სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანას ითვალისწინებს.
კერძოდ, მკაცრდება ჯარიმები შეიარაღებული ძალების საზღვარგარეთ გამოყენების დისკრედიტაციისთვის. ცვლილებები არა მხოლოდ აწესებს პასუხისმგებლობას მოხალისეების დისკრედიტაციაზე, არამედ ზრდის სასჯელის ზღვარს შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთამდე. მანამდე კი ასეთი დანაშაულისთვის მაქსიმალური სასჯელი ხუთი წელი იყო. კანონში მოხსენიებულია კიდევ ერთი მუხლი: „რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გამოყენების შესახებ ცრუ ინფორმაციის მიზანმიმართულად საჯაროდ გავრცელება“.
ცვლილებების თანახმად, სასჯელი ვრცელდება მოხალისეთა ფორმირებების შესახებ „ფეიკის“ გავრცელებაზეც, რისთვისაც მაქსიმალური ვადა 15 წლით თავისუფლების აღკვეთაა. გარდა ამისა, პუტინმა ხელი მოაწერა კიდევ ერთ კანონს - ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ, რომლის თანახმადაც მოხალისეების დისკრედიტაცია (თუ ის არ შეიცავს სისხლისსამართლებრივად დასჯად ქმედებას) დაისჯება ჯარიმით 30-50 ათას რუბლამდე რიგითი მოქალაქეებისთვის, 100-200 ათასამდე თანამდებობის პირებისთვის და 300-500 ათასამდე იურიდიული პირებისთვის.