საკითხის თავად ფორმულირება აღმაშფოთებლად და მიუღებლად მიგვაჩნია, - ასეთი კომენტარი გააკეთა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ პუტინის დასაკავებლად ორდერის გაცემასთან დაკავშირებით.
პესკოვის თქმით, რუსეთის ფედერაციას არ აღიარებს ჰააგაში მდებარე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციას და მისი გადაწყვეტილებები ძალადაკარგულად მიაჩნია.
„საკითხის თავად ფორმულირება აღმაშფოთებლად და მიუღებლად მიგვაჩნია, რუსეთი, ისევე როგორც სახელმწიფოთა რიგი, არ აღიარებს ამ სასამართლოს იურისდიქციას და, შესაბამისად, მსგავსი სახის ნებისმიერი გადაწყვეტილებები რუსეთის ფედერაციისთვის სამართლის მხრივ ძალადაკარგულია”, - განაცხადა პესკოვმა.
ჰააგის სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის დაპატიმრების ორდერი გასცა. ამის შესახებ ჰააგაში მდებარე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პრეს-რელიზში წერია. კერძოდ, სასამართლოს პრესსამსახურის თანახმად, წინასასამართლო საქმე წარმოების II პალატამ ვლადიმერ პუტინისა და ბავშვთა საქმეებში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის სრულუფლებიანი წარმომადგენლის, მარია ლვოვა-ბელოვას დაკავების ორდერები გასცა.