ჯენა ორტეგამ საზოგადოებას თავი ლეგენდარული უენსდეი ადამსის როლის შესრულებით დაამახსოვრა, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, მსახიობმა როლზე რამდენჯერმე თქვა უარი. ჯენას თქმით, ასე იმიტომ მოიქცა, რომ ეშინოდა, კიდევ ერთ სერიალში მონაწილეობის გამო სამომავლოდ ფილმებში როლებს ვეღარ მიიღებდა და ოცნების ახდენაშიც ხელი შეეშლებოდა. ამის საპირისპიროდ, ჯენას უენსდეის როლის შესრულებამ არნახული პოპულარულობა და ოქროს გლობუსის ნომინაციაც კი მოუტანა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
„უამრავ სერიალში მითამაშია, თუმცა ყოველთვის ფილმზე მუშაობა მინდოდა. პირველად რომ დავიწყე მუშაობა, არ მინდა ვთქვა, რომ ჩემი არავის სჯეროდა, მაგრამ ჩემი მართლა არავის სჯეროდა. საკუთარი უნარები სხვებს უნდა დაუმტკიცო. მხოლოდ ბოლო სამი თუ ოთხი წელია, რაც ფილმებში მონაწილეობის შესაძლებლობა მაქვს. მეშინოდა, რომ თუ კიდევ ერთ სერიალში ვითამაშებდი, ეს ხელს შემიშლიდა ისეთ პროექტებზე მემუშავა, რომლებიც ნამდვილად მომწონდა",- ამბობს ის.
საბოლოოდ, ჯენა უენსდეის როლის შესრულებას დათანხმდა, რადგან სერიალის რეჟისორი და პროდიუსერი ლეგენდარული ტიმ ბარტონია:
„ერთადერთი მიზეზი რის გამოც დავთანხმდი, ტიმია. ის ხომ ასეთი ლეგენდარულია და თანაც, ძალიან კარგად გავუგეთ ერთმანეთს."
ამის მიუხედავად, ჯენამ უენსდეიზე უარი კიდევ რამდენჯერმე თქვა. თუმცა, საბოლოოდ, შემქმნელებმა მისი დაყოლიება მაინც შეძლეს.
ჯენას არც ის ეგონა, თუ უენსდეი ამხელა პოპულარულობას მოიპოვებდა. მართლაც, სერიალმა ისეთი მოწონება დაიმსახურა, რომ ნეტფლიქსმა იანვარში მეორე სეზონი დაუმტკიცა. ჯენა ორტეგას თქმით, ჯერჯერობით არ აქვს ინფორმაცია, როგორ განვითარდება მისი გმირის თავგადასავალი.