კომპანია SpaceX-ის დამფუძნებლისა და აღმასრულებელი დირექტორის, ილონ მასკის განცხადებით, იმის შანსი, რომ უმძლავრეს რაკეტა Starship-ის პირველი ორბიტული ფრენა წარმატებით ჩაივლის, 50%-ია. მისი გაშვება სამხრეთ ტეხასში მდებარე კოსმოდრომიდან რამდენიმე კვირაში იგეგმება.
"არ ვამბობ, რომ ის ორბიტამდე მიაღწევს, მაგრამ აღელვების გარანტიას გაძლევთ. ეს მოსაწყენი არ იქნება", — ამბობს სამხრეთაფრიკული წარმოშობის მილიარდერი.Starship-ის მთავარი მიზანი მთვარესა და მარსზე ტვირთის წაღება და ეკიპაჟის წაყვანაა. ეს გიგანტური, უჟანგავი ლითონისგან დამზადებული რაკეტა უმძლავრესია და მრავალჯერადი გამოყენებისთვის იქმნება, რაც მასკს წითელი პლანეტის კოლონიზაციისთვისა და სხვა ამბიციური მიღწევებისთვის აუცილებლად მიაჩნია. SpaceX რამდენიმე ასეთ აპარატზე მუშაობს, რომლებსაც მომდევნო თვეებში ერთმანეთის მიყოლებით გაუშვებენ.
აღსანიშნავია, რომ რაკეტების პირველი ფრენა არც ისე იშვიათად წარუმატებლად სრულდება, ამიტომ არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ მასკი Starship-ის დებიუტის წინ საზოგადოებას მოსალოდნელი მარცხისთვის ამზადებს. ასე გააკეთა მან Falcon Heavy-ის გაშვებამდეც, რომელიც ჩამოვარდა და დაიწვა, 2018 წელს კი ორბიტაზე წითელი Tesla Roadster და მანეკენი, სახელად Starman, გაიტანა.