უკრაინელმა ჯარისკაცებმა, გასული დღის განმავლობაში, ხუთი მიმართულებით, რუსული ძალების 70-ზე მეტი შეტევა მოიგერიეს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დილის ანგარიშშია აღნიშნული.
„უწყების ცნობით, მტრის ძირითადი ძალისხმევა კონცენტრირებულია ლიმანის, ბახმუტის, ავდიივკას, მარინკასა და შახტიორსკის მიმართულებებზე. გასული დღის განმავლობაში მტერმა მათზე 70-ზე მეტი შეტევა განახორციელა“, - აცხადებენ გენშტაბში.
გენერალური შტაბის ინფორმაციით, მტერი არ წყვეტს ქალაქ ბახმუტის შტურმის მცდელობებს. კუპიანსკისა და ლიმანის მიმართულებებით კი ისინი უკრაინელების თავდაცვის გარღვევას ცდილობენ.
უკრაინის გენერალურ შტაბში აცხადებენ, რომ გასული დღის განმავლობაში, რუსულმა ძალებმა უკრაინის ტერიტორიაზე 5 სარაკეტო და 18 საჰაერო დარტყმა განახორციელეს და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან ცეცხლი 73-ჯერ გახსნეს.