პოპულარული პერსონაჟი - ბრიტანული დაზვერვის MI6-ის საიდუმლო აგენტი კოდური სახელით 007, ბრიტანელმა მწერალმა და ჟურნალისტმა იან ფლემინგმა შექმნა და რომანების მთელი სერიაც მიუძღვნა. ავტორის განცხადებით, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს ბრიტანეთის სამეფო ფლოტის დაზვერვის შეფის პირად თანაშემწედ მსახურობდა, რომანების დაწერა სიდნეი რეილის ისტორიამ შთააგონა, რომელიც დაზვერვის სამსახურის არქივში მოიძია.
აღსანიშნავია, რომ ბრიტანელი საიდუმლო აგენტი და ავანტიურისტი რეილი, არა მხოლოდ სკოტლანდ-იარდის სპეცგანყოფილებასთან თანამშრომლობდა, არამედ სულ მცირე ოთხი ქვეყნის დაზვერვის სამსახურში ირიცხებოდა. მეტიც, სწორედ მას მიეწერება 1890-იან წლებში, ლონდონში გადასახლებულ რუს პოლიტიკურ ემიგრანტებთან „მეგობრობა“, რუსეთ-იაპონიის ომის დროს მანჯურიაში ჯაშუშური საქმიანობის წარმოება და 1918 წელს ბოლშევიკების დამხობის მცდელობა.
რეალური პროტოტიპისგან განსხვავებული სახელი ჯაშუშმა ბრიტანელი ორნიტოლოგის წყალობით შეიძინა. ფლემინგმა დიდხანს ვერ გადაწყვიტა რა დაერქმია საკუთარი პერსონაჟისთვის, რადგან ერთი მხრივ, ჩვეულებრივ, არაფრით გამორჩეულ, მეორეს მხრივ კი, ჟღერად და მარტივად დასამახსოვრებელ სახელს ეძებდა. მწერალი სრულიად შემთხვევით გადააწყდა ნაშრომს „დასავლეთ ინდოეთის ჩიტებზე“ მეცნიერის ჯეიმს ბონდის ავტორობით და სწორედ მას დაესესხა სახელს საკუთარი ჯაშუშისთვის.
მართალია, ფლემინგის რომანების ეკრანიზების უფლება პროდიუსერებმა ალბერტ ბროკოლიმ და ჰარი ზელცმანმა 1961 წელს შეიძინეს, მაგრამ ძალიან გაუჭირდათ რეჟისორის მოძიება, რადგან ამერიკელებმა ზედმეტად ბრიტანულად მიიჩნიეს ფლემინგის ისტორიები და უარი თქვეს მუშაობაზე, რამაც პროდიუსერებს ჯერ კინოსტუდიის United Artists-ის მესვეურებისთვის მიმართვა, მერე მათი ფინანსური მხარდაჭერით საკუთარი კომპანიის EON Productions-ს დაფუძნება აიძულა, სადაც „ბონდიანას“ პირველი ფილმი „დოქტორ ნოუ“ (Dr. No) დაიდგა ტერეს იანგის რეჟისორობით.
აღსანიშნავია, რომ ბროკოლიმ და ზელცმანმა ფლემინგის არა ერთ, არამედ ყველა შექმნილ და მომავალში შესაქმნელ რომანზე შეიძინეს უფლება. მათ შორის აღმოჩნდა „სფერული ელვაც“, რომელიც იმ პერიოდში პროდიუსერის გრეგორი რატოფის საკუთრებად ითვლებოდა, მისი გარდაცვალების შემდეგ კი, ჩარლზ ფელდმანმა უნდა მიეღო მემკვიდრეობით, თუმცა სასამართლოს გადაწყვეტილებით უფლება ისევ ბროკოლიმ და ზელცმანმა დაიბრუნეს, რომლებიც პრაქტიკულად ფლემინგის შემოქმედების „მონოპოლისტებად“ იქცნენ.
„ბონდიანა“, რომელმაც 1962 წელს აიღო სტარტი, ბოლო ფილმი კი, 2021 წელს დაიდგა, უპირობო ლიდერია სერიალებს შორის, რადგან 60-წლიანი ისტორიის მანძილზე 27 ფილმი მიითვალა საკუთარ ანგარიშზე და ყველაზე ხანგრძლივ ფართოეკრანიან სერიალად იქცა. ამასთანავე, ფრანშიზამ 13,8 მილიარდი დოლარით გაამდიდრა შემქმნელები და ჰარი პოტერის საგის შემდეგ მეორე პოზიციით დაწინაურდა ყველაზე წარმატებული კინოსერიალების რეიტინგში.
მართალია, უამრავმა ცნობილმა მსახიობმა მოსინჯა საკუთარი თავი ჯაშუშის ამპლუაში, მაგრამ კრიტიკოსების მოწონება მხოლოდ შონ კონერიმ და როჯერ მურმა, პირს ბროსნანმა და დენიელ კრეიგმა დაიმსახურეს. სხვათა შორის, ჯაშუშის როლს კლინტ ისტვუდსა და ბერტ რეინოლდსაც სთავაზობდნენ, თუმცა მსახიობებმა უარი თქვეს შეთავაზებაზე, რადგან ჩათვალეს, რომ ბონდი აუცილებლად ბრიტანელი უნდა ყოფილიყო.
ბონდის სავიზიტო ბარათად ერთის მხრივ, ავანტიურიზმი, შეუპოვრობა და კონფლიქტების ძალისმიერი მეთოდით გადაწყვეტა, მეორეს მხრივ, ფლეიბოისთვის დამახასიათებელი მექალთანეობა, აზარტული თამაშების, ძვირადღირებული ალკოჰოლური სასმელისა და სპორტული ავტომობილების სიყვარული ითვლება.
სახიფათო ცხოვრების წესისა და მუდმივი თავგადასავლების მიუხედავად დახვეწილი გემოვნების ბონდი მაინც არასდროს ღალატობს კლასიკურ სტილს. 1960-იან წლებში ჯაშუშის კოსტიუმებზე ბრიტანელი დიზაინერი ენტონი სინკლერი ზრუნავდა, ვისთანაც თავად ტერეს იანგი იმოსებოდა, პირს ბროსნანის და დენიელ კრეიგის ბონდს კი, იტალიური Brioni აცმევდა, თუმცა ბრენდის მესვეურებთან უთანხმოების გამო, 2008 წლიდან აგენტი 007 Tom Ford-ის კოსტიუმებსა და სმოკინგებს ანიჭებს უპირატესობას. სხვათა შორის, მეტად უცნაური პირობა წაუყენეს პროდიუსერებმა ბროსნანს, რომელსაც „ბონდიანაში“ მონაწილეობის პერიოდში ნებისმიერ სხვა ფილმში სმოკინგის ტარება აეკრძალა.
მართალია, პროდიუსერებმა ჩათვალეს, რომ სოლიდურ ჯაშუშს აქსესუარებიც შესაფერისი უნდა ჰქონოდა, მაგრამ შვეიცარულმა Rolex-მა უარი თქვა უანგაროდ თანამშრომლობაზე, ფილმის ბიუჯეტი კი, მსგავს შენაძენს არ ითვალისწინებდა, რამაც ბროკოლოს საკუთარი საათის მოხნა და ბონდისთვის გადაცემა აიძულა. მოგვიანებით, ბონდმა Omega-ს ბრენდის საათი მოირგო, რაც დენიელ კრეიგმაც ხაზგასმით აღნიშნა „კაზინო „როიალში“ და შესანიშნავი რეკლამა გაუწია მანამდეც პოპულარულ ბრენდს.
ჯაშუშური კინოსერიალის პირველ ფილმად „დოქტორ ნოუ“ იქცა, რომელიც ტერენს იანგმა დადგა შონ კონერის და ურსულა ანდრესის მონაწილეობით იამაიკასა და ინგლისში. მართალია, ფილმმა მოკრძალებული ბიუჯეტით კრიტიკოსების არაერთმნიშვნელოვანი შეფასება დაიმსახურა, მაგრამ სოლიდური ფინანსური მოგება ნახა და „ბონდიანას“ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ფილმი გახდა. ამასთანავე, სწორედ „დოქტორ ნოუ“ ითვლება ჯაშუშური კინოს ფუძემდებლად და საიდუმლო აგენტებზე შექმნილი ფილმების პირველ ნიმუშად.
პირველი სერიოზული პროექტის მხარდასაჭერად კინოკომპანია Eon Productions-მა ამავე სახელწოდების კომიქსი და ალბომი გამოუშვა ფილმში გამოყენებული კომპოზიციების ნაკრებით. აღსანიშნავია, რომ სწორედ პირველ ნაწილში შეიმუშავეს ავტორებმა „ბონდიანას“ ფილმებისთვის დამახასიათებელი შესავალი კადრების თანამიმდევრობა, როცა ბონდი იარაღის ლულაში ისვრის და სტილიზებული ტიტრები, მთავარი მუსიკალური თემა და საერთო ვიზუალური სტილი, რომელიც მოგვიანებით კინოსერიალის აუცილებელ ატრიბუტად იქცა.
რომანის „სიყვარულით რუსეთიდან“ ეკრანიზაციის იდეა პროდიუსერებს ჯონ კენედის წყალობით გაუჩნდათ, რომელმაც ფლემინგის ნამუშევარი საყვარელ წიგნებს შორის დაასახელა. მეტიც, სწორედ „სიყვარულით რუსეთიდან“ იქცა უკანასკნელ ფილმად, რომელიც ამერიკის პრეზიდენტმა დალასში გამგზავრებამდე და ტრაგიკულად დაღუპვამდე ნახა. აღსანიშნავია, რომ პირველი ეკრანიზაციის „დოქტორ ნოს“ კომერციული წარმატების წყალობით, არა მხოლოდ ფილმის ბიუჯეტი, არამედ შონ კონერის ჰონორარიც მნიშვნელოვნად გაიზარდა და 54 ათასიდან 100 ათას დოლარს მიაღწია.
მართალია, „ბონდიანას“ მორიგი სერია „მხოლოდ ორჯერ ცოცხლობ“ ისევ ფლემინგის რომანის მიხედვით დაიდგა, მაგრამ სცენარისტმა როალდ დალმა ორიგინალური სიუჟეტისგან იმდენად განსხვავებული ისტორია შექმნა, რომ ლიტერატურული პირველწყაროს ავტორიც გააკვირვა, თუმცა, ავანტიურული თავგადასავლებისა და ბონდის უძლეველობის, პრაქტიკულად ყოვლისშემძლეობის დემონსტრირებით სრულად დაიცვა კინოსერიალის ტრადიციები და იდეალურად მოარგო საკუთარი ნამუშევარი ფრანშიზას საერთო იდეას, გამონაკლისად მხოლოდ ლოკაცია იქცა, რადგან იაპონიაში გადაღებული ფილმი კონკრეტული ქვეყნის ნაციონალური სტილისტიკით დადგმული ერთადერთი სერიაა „ბონდიანას“ კინოეპოპეაში.
აღსანიშნავია, რომ ფილმი, რომლის რეჟისორობა ლუის გილბერტმა ითავა, შონ კონერის უკანასკნელ ნამუშევრად, მაყურებელთან ერთგვარ დამშვიდობებად იქნა ჩაფიქრებული. მართალია, მსახიობმა, რომელიც მისივე განცხადებით ძალიან მოიქანცა ჯაშუშური თავგადასავლებით, საკულტო პერსონაჟი ჯორჯ ლეზენბის გადააბარა, თავად კი, ვესტერნის ჟანრში - ედვარდ დმიტრიკის „შალაკოში“ (Shalako) მოსინჯა შესაძლებლობები, მაგრამ 1971 წელს ისევ ძველ მეგობრებს დაუბრუნდა და ამჯერად სერიაში „ბრილიანტები სამუდამოდ“ (Diamonds Are Forever) შეასრულა მთავარი როლი.
ფრანშიზას მეექვსე ნაწილში ბონდის როლი ჯორჯ ლეზენბიმ მოირგო, თუმცა ჰონორარის სიმცირით გამოწვეული უთანხმოების გამო, პროდიუსერებმა უარი თქვეს შემდეგ სერიებში მასთან თანამშრომლობაზე. ფილმი, რომლის მოქმედება ბრიტანეთს საზღვრებს გასცდა და ჯერ შვეიცარიაში, მერე პორტუგალიაში გადაინაცვლა, პიტერ ჰანტმა დადგა. მართალია, წინამორბედისგან განსხვავებით, მეექვსე ნაწილი, რომელიც კრიტიკოსებმა დაიწუნეს ნაკლებად მომგებიანი აღმოჩნდა კომერციულად, მაგრამ ათწლეულების შემდეგ ფილმმა არა მხოლოდ რეპუტაცია გაიუმჯობესა, არამედ ფრანშიზის ერთ-ერთ საუკეთესო სერიად იქცა.
„ბონდიანას“ ახალი ფილმის გამოსვლა, რომელშიც პირველად გამოჩნდა როჯერ მური, ე.წ. Blaxploitation-ის (ბლექსპლოითეიშენის) ჟანრს ანუ შავკანიან მაყურებელზე ორიენტირებული ფილმების პოპულარობას დაემთხვა, ამიტომ სერიაში უხვადაა გამოყენებული ჟანრისთვის დამახასიათებელი კლიშეები „აფროს“ სტილისა და შავკანიანი განგსტერების ჟარგონის ჩათვლით.
ფილმის მუსიკაზე კომპოზიტორმა ჯორჯ მარტინმა იმუშავა, მთავარი სიმღერა Live and Let Die კი პოლ მაკარტნიმ შეასრულა მეუღლესთან ერთად. მართალია, მუსიკოსმა „ოსკარის“ ნომინაციაც დაიმსახურა, მაგრამ დრამის „ორი გულის შეხვედრის“ კომპოზიტორის მარვინ ჰემლიშის კომპოზიციასთან The Way We Were კონკურენციაში დამარცხდა.
სხვათა შორის, ნიანგების შემოსევის სცენა რეჟისორმა გაი ჰამილტონმა ცოცხალი ნიანგების მონაწილეობით გადაიღო. რა თქმა უნდა მურის ნაცვლად ეპიზოდში იამაიკელი ტრიუკების ოსტატი როს კანანგა მონაწილეობდა, მაგრამ რამდენიმეწამიანი სცენის გადაღებას მაინც მთელი დღე დასჭირდა, იზარალა თავად კანანგამაც, რომელმაც 193 ჭრილობა მიიღო.
მურმა შვიდ ფილმში მიიღო მონაწილეობა, „ხედი მკვლელობაზე“ (A View to a Kill) კი, მის უკანასკნელ ნამუშევრად იქცა, რადგან 58 წლის მსახიობს არა მხოლოდ ჩველ რიტმში გაუჭირდა მუშაობა, არამედ ბონდის რეპუტაციასაც საფრთხე შეუქმნა.
1990-იან წლებში გამოსული „ოქროს თვალით, რომელიც ბონდის სერიალის პირველი ფილმი გახდა ცივი ომის დასრულების შემდეგ, ერთგვარი დაბრუნება აღინიშნა ექვსწლიანი შესვენების შემდეგ. ხანგრძლივი პაუზა უფლებებზე დავამ გამოიწვია, რომელიც პროდიუსერის ალბერტ ბროკოლის გამარჯვებით, თუმცა მთავარი როლის შემსრულებლის ტიმოტი დალტონის მარცხით დასრულდა. ბროკოლი სინანულის გარეშე დაემშვიდობა კონფლიქტურ მსახიობს, ჯაშუშის როლი კი, პირს ბროსნანს ჩააბარა, რომელმაც სწორედ „ბონდიანას“ ოთხ ფილმში მონაწილეობით მოიპოვა ვარსკვლავის სტატუსი.
აღსანიშნავია, რომ წინამორბედებისგან განსხვავებით მარტინ კემბელის ნამუშევარი არა ფლემინგის რომანის, არამედ მაიკლ ფრანსის იდეასა და სიუჟეტს მიხედვით შეიქმნა, რომელიც მოგვიანებით სცენარისტებმა ჯეფრი კეინმა და ბრიუს ფერშტაინმა დაამუშავეს.
სახელი ფილლმა სპეცოპერაციის Goldeneye-ის წყალობით შეიძინა, რომელიც თავად ფლემინგმა შეიმუშავა ბრიტანეთის სამხედრო-საზღვაო დაზვერვის სამსახურში მუშაობისას. ამასთანავე, სწორედ Goldeneye დაარქვა ავტორმა საკუთარ ვილას იამაიკაზე, სადაც ბონდის რომანების უმეტესობა დაწერა.
პოპულარობა მოიპოვა ფილმის საუნდთრეკმა ამავე სახელწოდების კომპოზიციასთან ერთად, რომელიც U2-ს ლიდერის ბონოს ავტორობით შეიქმნა და ტინა ტერნერის შესრულებით ჩაიწერა. სხვათა შორის, „ოქროს თვალის“ მუსიკალურ გაფორმებაზე Ace of Base აცხადებდა პრეტენზიას, თუმცა შვედური ჯგუფის ვერსია მთელმა შემოქმედებითმა ჯგუფმა დაიწუნა.
21-ე საუკუნეში ბონდის როლი დენიელ კრეიგმა მოირგო, რომელმაც არა მხოლოდ ხუთ ფილმში განასახიერა ჯაშუში ბოლო ნაწილის „სიკვდილის დრო არ არის“ (No Time To Die) ჩათვლით, არამედ 2012 წელს ელისაბედ მეორესთან ერთადაც გახსნა ოლიმპიური თამაშები ლონდონში, როცა მის უდიდებულესობასთან ერთად გადმოხტა ვერტმფრენიდან პარაშუტით. სხვათა შორის, ბრიტანულმა კინოაკადემიამ სწორედ დედოფალი მიიჩნია ბონდის „საუკეთესო მეგობარ გოგონად“ და BAFTA-ს პრემიაც გადასცა კინემატოგრაფიაში შეტანილი წვლილისთვის.
როგორც აღმოჩნდა, დედოფალი ყოველთვის ფრანშიზის თავგამოდებული თაყვანისმცემელი იყო, ინტერესით ადევნებდა თვალს სიახლეებს და აუცილებლად პირველი ტკბებოდა ახალი ფილმის პრემიერით, მის მემკვიდრე ჩარლზს კი, ბოლო ნაწილში შესთავაზეს კამეოს შესრულება და საკუთარი თავის განსახიერება, თუმცა მონარქმა უარი თქვა მაცდუნებელ წინადადებაზე.