რუსულმა ძალებმა, გასული დღის განმავლობაში, უკრაინის ტერიტორიაზე 3 სარაკეტო და 29 საჰაერო დარტყმა განახორციელეს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია აღნიშნული.
„მტერმა, ბოლო დღის განმავლობაში, სამი სარაკეტო დარტყმა განახორციელა, კერძოდ, ქალაქ ხარკოვში სამოქალაქო ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე. მტერმა ასევე 29 საჰაერო დარტყმა განახორციელა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
გენერალური შტაბის ცნობით, რუსულმა ძალებმა მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან ცეცხლი 79-ჯერ გახსნეს.
„მტრის თავდასხმის ალბათობა ჩვენი სახელმწიფოს მთელ ტერიტორიაზე კვლავ მაღალია“, - აცხადებენ გენშტაბში.
მათი ინფორმაციით, რუსული ძალები ბახმუტის აღების მცდელობას არ წყვეტენ.
„მოწინააღმდეგის ძირითადი ძალისხმევა კონცენტრირებულია ლიმანის, ბახმუტის, ავდიივკას, მარინკასა და შახტიორკის მიმართულებებზე. ოკუპანტებმა, გასული დღის განმავლობაში, ამ მიმართულებებით 75-ზე მეტი შეტევა განახორციელეს. ჩვენმა დამცველებმა ყველა მათგანი მოიგერიეს“, - აცხადებენ გენშტაბში.