პოპულარული ტელემაგნატი, მედია კონგლომერატის News Corporation-ის მფლობელი რუპერტ მერდოკი, რომლის კაპიტალი დღეს 21 მილიარდ დოლარს აღწევს, კორონავირუსის პანდემიამდე კი, ბევრად მეტს - 31 მილიარდს შეადგენდა, 780 კომპანიის მფლობელია მთელ მსოფლიოში - გიგანტური ტელექსელის და რამდენიმე გამომცემლობის ჩათვლით, მისი ახალი ამბების არხს Fox News-ს კი, რომელმაც უზარმაზარ აუდიტორიას მოუყარა თავი, ორჯერ მეტი მაყურებელი ჰყავს, ვიდრე საქვეყნოდ რეკლამირებულ CNN-ს.
აქტიურად საქმიანობს მერდოკი მუსიკასა და კინოში, სარეკლამო ბიზნესსა და ბეჭდვით მედიაშიც, რადგან 30 ათას თანამშრომელთან ერთად სწორედ News Corporation-ის შემადგენლობაშია პოპულარული ჟურნალები და გაზეთები New York Post, Times და The Wall Street Journal, The Sunday Times და Daily Telegraph, ტელეარხები National Geographic, Star TV და Fox Sports Net, საგამომცემლო სახლი Harper Collins, ხმისჩამწერი კომპანია Muschroom Records და სარეკლამო სააგენტო News Outdoor.
მერდოკი, რომელიც რამდენიმე წლის წინ ცნობილი პერსონების, მათ შორის ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრების სატელეფონო საუბრების მოსმენაში დაადანაშაულეს, მანამდეც ხშირად ხვდებოდა პოლიციის, ფედერალური ბიუროსა და სპეცსამსახურების ყურადღების ცენტრში კორუფციული გარიგებების, ცრუ ინფორმაციის გავრცელებისა და მოვლენების მიკერძოებით გაშუქების ბრალდებით, თუმცა უხერხულობა არასდროს უგრძნია.
მეტიც, მედიამაგნატის მტკიცებით, „ბიზნესი ნამდვილ ბრძოლის ველია, სადაც კონკურენტები წამიერ სისუსტესაც არ პატიობენ მეტოქეს და ერთიანად ანადგურებენ“, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ მერდიკს, რომელიც მედიის თითქმის ყველა სფეროს აკონტროლებს, ხშირად „ახალი ამბების ბატონს“ და „ყველაზე სახიფათო ადამიანსაც“ უწოდებენ, თუმცა თავად ბიზნესმენს მსგავსი შეფასება ნაკლებად აღელვებს, რადგან თვლის, რომ სწორედ მეტოქეებისა და მოშურნეების სიმრავლე მეტყველებს მის წარმატებაზე.
რუპერტ მერდოკი 1931 წლის 11 მარტს დაიბადა პატარა ფერმაზე კრადენში, მელბურნიდან 30 კილომეტრში. განსაკუთრებული გავლენა მცირეწლოვან რუპერტზე მამამ - პირველი მსოფლიო ომის ლეგენდარულმა სამხედრო ჟურნალისტმა კიტ მერდოკმა მოახდინა, რომელმაც ბრწყინვალე კარიერა გაიკეთა და არა მხოლოდ მსხვილი გამომცემლობის Herald and Weekly Times Group-ის ხელმძღვანელობა ჩაიბარა, არამედ სამი ადგილობრივი გაზეთიც დააფუძნა. გასაკვირი არაა, რომ სწორედ მამამ შეაყვარა შვილებს - რუპერტს და მის დებს ჟურნალისტიკა და მანვე შეაჩვია ერთადერთი ვაჟი მკაცრ დისციპლინას, როცა სამხედრო სკოლაში მიაბარა.
თუმცა, რუპერტმა არა მხოლოდ იდეალური მამის, არამედ უსაქმური ბაბუის გავლენაც განიცადა, ვის პატივსაცემადაც სახელი შეიძინა. შვილიშვილი უზომოდ იყო შეყვარებული ბაბუაზე, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე თავაშვებული ცხოვრების წესს მისდევდა - ბევრს სვამდა, თავგამოდებით ეარშიყებოდა ქალებს და პერიოდულად კარგავდა ქონებას ბანქოს თამაშით.
ავანტიურისტი ბაბუისგან რუპერტმა სითამამე და გამბედაობა, მამისგან კი, ალღო და კომერციული ნიჭი მიიღო მემკვიდრეობით, რაც ადრეულ ასაკშივე გამოიყენა.
მცირეწლოვანი მერდოკი ჯერ კურდღლის ბეწვით ვაჭრობდა მეზობლებთან, წამოზრდილი კი, გაკვეთილების დასრულებისთანავე მელბურნში მიქროდა ძველი ველოსიპედით, სადაც ბაბუის ძველი ნაცნობი მის ნაცვლად დებდა ფსონებს დოღზე.
საკუთარი კვალი დატოვა პატარა რუპერტის ცხოვრებაში დედამ, ლედი ელისაბედმაც, რომელსაც საკუთარი წარმოდგენა ჰქონდა შვილების აღზრდაზე. ხუთი წლის რუპერტს დედა ხეზე მოწყობილ ქოხში აიძულებდა ღამის გათევას, რადგან თვლიდა, რომ სუფთა ჰაერზე ძილი გაკაჟების საუკეთესო საშუალება იყო, 10 წლისა კი, ჯილონგის სკოლა-პანსიონში გაამწესა, რომელსაც ბიჭუნა დასანახად ვერ იტანდა, თუმცა ელისაბედი დარწმუნებული იყო, რომ უცხო გარემოში, უცნობ ბავშვებთან ურთიერთობით რუპერტი ეგოიზმისა და ამპარტავნებას დაძლევდა.
ჯილონგის სკოლა მართლაც უმძიმეს გამოცდად იქცა მერდოკისთვის, რადგან ვერც ეგოიზმი დაძლია, ვერც ამპარტავნება, თუმცა მტრად გადაიკიდა თანატოლები და უმეგობროდ დარჩენილმა რამდენიმე წელი სრულ მარტოობაში გაატარა.-
თვითრწმენა, რომლითაც რუპერტი ბავშვობიდან გამოირჩეოდა, ასაკის მატებასთან ერთად განმტკიცდა. 1948 წელს, სკოლის დასრულების შემდეგ მერდოკმა მამის გამომცემლობაში დაიწყო მუშაობა სტაჟიორ ჟურნალისტად, ორი წლის შემდეგ კი, ბრიტანეთში გაემგზავრა, ოქსფორდის უნივერისიტეტთან არსებული ვუსტერ-კოლეჯში ფილოსოფიის, პოლიტიკისა და ეკონომიკის შესასწავლად.
განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა რუპერტს 1950-იანი წლების დასაწყისის გლობალური ეკონომიკის მიმართ, რადგან სოციალისტური იდეების მომხრე ყოველთვის ღიად აპროტესტებდა თანამედროვე ეკონომიკის პრინციპებს. მეტიც, კამპუსის ოთახში მერდოკმა ლენინის უზარმაზარი ბიუსტი მოათავსა გამოსაჩენ ადგილას, უკვე ზრდასრულმა კი, თამამად განაცხადა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი მის ცხოვრებაში მამის შემდეგ სწორედ ვლადიმერ ილიჩი იყო.
რა თქმა უნდა, მერდოკმა, რომელიც არასდროს ირიცხებოდა საუკეთესო სტუდენტებს შორის, ოქსფორდშიც გამოიჩინა თავი და ჯერ იატაკქვეშა გაზეთი გამოუშვა, მერე პარტნიორები მოიძია და ბანქოს თამაშს მიჰყო ხელი, თუმცა ბაბუისგან განსხვავებით ბევრად იღბლიანი აღმოჩნდა, რადგან წაგების ნაცვლად მუდმივად იორმაგებდა ჯიბის ფულს. მართალია, სწავლით რუპერტი არასდროს იღლიდა თავს, რაც ნაკლებად ადარდებდა, მაგრამ ყველა დარწმუნებული იყო, რომ თვითრწმენისა და სიჯიუტის წყალობით აუცილებლად მოიხვეჭდა სახელსა და ქონებას.
ერთი შეხედვით უდარდელი ცხოვრების მიუხედავად, მერდოკსაც მოუხდა სირთულეების დაძლევა, რადგან 1952 წელს, მამის გარდაცვალების შემდეგ, გამომცემლობის Herald and Weekly Times Group-ის აქციების დიდი ნაწილის გაყიდვისა და წლების მანძილზე დაგროვილი გადასახადების დაფარვის შემდეგ, ოჯახის მფლობელობაში მხოლოდ მცირეტირაჟიანი გაზეთები The Adelaide News, Sunday Mail და ბროკენ-ჰილის რადიოსადგური დარჩა.
თუმცა, რუპერტმა, ვისთვისაც სწორედ მამა იყო უძვირფასესი ადამიანი, არ მოინდომა ოჯახური ბიზნესის დათმობა. მერდოკმა საკუთარ თავზე აიღო მისი საქმის გაგრძელება და ლონდონურ Daily Express-ში შეძენილი გამოცდილებით გაემგზავრა ადელაიდაში, სადაც შესაშური ენთუზიაზმისა და ენერგიულობის წყალობით დაიმსახურა ჟურნალისტების ნდობა და პატივისცემა, მით უფრო, რომ არც კონკურენტებს შეუშინდა, რომელთაც მართალია, The Adelaide News-ის გამოცემას შეუტიეს, მაგრამ საპასუხოდ ბევრად სერიოზული დარტყმა მიიღეს და სამუდამოდ ჩამოშორდნენ ახალგაზრდა მერდოკს.
კონკურენტებზე გამარჯვების შემდეგ 1956 წელს მერდოკმა ჯერ ავსტრალიური Sunday Times, 1960 წელს კი, The Daily Mirror შეიძინა და კოლეგებისგან „თანამედროვე ტაბლოიდის შემქმნელის“ სახელი დაიმსახურა, რადგან სწორედ მან მოიფიქრა პირველმა ყველა გამოცემისთვის უნივერსალური შაბლონი პუბლიკისთვის მიმზიდველი სათაურებითა და მასიური მკითხველისთვის საინტერესო მოვლენების აღწერით. 1960 წელს მერდოკმა მშობლიური ავსტრალიის საზღვრები გააფართოვა და ახალზელანდიური The Dominion შეიძინა, რასაც ოთხ წელიწადში მორიგი გამარჯვება - ბრიტანელ მედიამაგნატთან ლორდ ტომოსნთან დაპირისპირება და გამოცემა Wellington-ზე კონტროლის დამყარება მოჰყვა.
ევროპული ტრიუმფის შემდეგ მერდოკმა ისევ ავსტრალიაში გააგრძელა განვითარება და ჯერ ქვეყნის ისტორიაში პირველი ნაციონალური გაზეთი The Australian გამოუშვა, მერე სიდნეის დილის გაზეთი The Daily Telegraph შეიძინა, მოგვიანებით კი, პოლიტიკით დაინტერესდა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მხარდასაჭერად, მმართველი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ წამოიწყო მიზანმიმართული კამპანია.
1960-იანი წლების ბოლოს ამბიციურმა მერდოკმა ბრიტანული პრესა ამოიღო სამიზნეში და წარმატებული გაზეთის News of the World-ის შემდეგ გამოცემა The Sun შეიძინა, რომელიც პოპულარული ქალბატონების ფოტოების უხვად გამოქვეყნების წყალობით აქცია წამყვან ტაბლოიდად.
1970-1980-იან წლები მერდოკისთვის „ამერიკის დაპყრობით“ აღინიშნა, რადგან New York Post-ის, ჟურნალ Star-ის შეძენით არ დაკმაყოფილდა და 1984 წელს 250 მილიონ დოლარად გახდა კინოკომპანიის 20th Century Fox-ის წილის მფლობელი, თუმცა, 2019-ში გენერალური დირექტორის პოსტის დატოვება და კინოკომპანიის კონკურენტი გიგანტისთვის Disney-სთვის მიყიდვა მოუწია.
1985 წელს მერდოკმა Fox Broadcasting Company დააარსა, რომელმაც სერიალების „სიმპსონებისა“ და „საიდუმლო მასალების“ წყალობით მოიპოვა პოპულარობა, 1996 წელს კი, 24-საათიანი საინფორმაციო არხი Fox News Channel აამუშავა, რომელიც უმსხვილესი საინფორმაციო მაუწყებლის CNN-ის მთავარ კონკურენტად აქცია.
არ თქვა მედიამაგნატმა უარი არც პოლიტიკურ ინტერესებზე და სწორედ ამერიკაში გააფართოვა ბრიტანეთში დაწყებული აქტივობა. მერდოკმა ჯერ ნიუ-იორკის მერობის კანდიდატს ედვარდ კოჩს დაუჭირა მხარი და პრაქტიკულად მის საარჩევნო კამპანიად აქცია პოპულარული გამოცემა The Post, რომელიც სისტემატურად აქვეყნებდა შელამაზებულ, თუმცა პუბლიკისთვის მეტად მიმზიდველ ისტორიებს, მერე რონალდ რეიგანის საპრეზიდენტო შტაბი ჩაუდგა სათავეში. დაუფასდა მერდოკს ბარაკ ობამასა და დონალდ ტრამპისთვის გაწეული სამსახურიც, რადგან სკანდალებისა და ბრალდებების მიუხედავად არა უბრალოდ შეინარჩუნა, არამედ მნიშვნელოვნად გააფართოვა საკუთარი იმპერია.
სწორედ News International-ის საქმე იქცა მერდოკის წარმატებული კარიერის შავ ლაქად, როცა 2011 წლის ივლისის თვეში მედიამაგნატს შვილთან ერთად მოუწია ბრიტანეთის პარლამენტის კომიტეტისთვის ჩვენების მიცემა და თავის მართლება, თითქოს წარმოდგენაც არ ჰქონდა, რომ News of the World-ის თანამშრომლები უკანონოდ უსმენდნენ ცნობილი პერსონების სატელეფონო საუბრებს. მართალია, მერდოკი თავგამოდებით ამტკიცებდა, რომ არაფერი იცოდა მის მიერვე დაქირავებული ჟურნალისტების საქმიანობაზე, მაგრამ საბოლოოდ მაინც ბოდიშის მოხდა მოუწია ორგვერდიან წერილში, რომელსაც თავად მოაწერა ხელი.
კინოკომპანიის 21st Century Fox-ის გენერალური დირექტორის პოსტის დატოვების და 71 მილიარდ დოლარად გაყიდვის შემდეგ, მერდოკმა Fox News-ის ხელმძღვანელობაც საკუთარ შვილს ლაკლანს გადააბარა. მართალია, მაყურებელს იმედი გაუჩნდა, რომ ახალგაზრდა ხელმძღვანელის მმართველობის წყალობით რადიკალიზმითა და პროვოკაციული განცხადებებით ცნობილი არხი პოლიტიკას შეიცვლიდა, მაგრამ უმცროსმა მერდოკმა ყველას იმედი გაუცრუა და თამამად აღნიშნა, რომ არაფრის შეცვლას არ აპირებდა, რადგან არც პოპულარული წამყვანის ტომი ლარანის ემიგრანტების მისამართით უკმეხი გამონათქვამები, არც ჟურნალისტების რასისტული შენიშვნები არ აშფოთებდა.
მეტიც, 2018 წლის ბოლოს საზოგადოებას ეჭვიც კი გაუჩნდა, რომ სწორედ მერდოკი განსაზღვრავდა დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკას. სკანდალი ქვეყნის მთავარმა ფინანსურმა დოკუმენტმა გამოიწვია, როცა ტრამპმა ხანგრძლივი კამათის შემდეგ საბოლოოდ მაინც შეძლო დემოკრატებთან ბიუჯეტზე შეთანხმება, თუმცა როცა ლარანმა და მისმა სტუმრებმა პრეზიდენტს მექსიკასთან სასაზღვრო კედლის მშენებლობისთვის 5 მილიარდი დოლარის გამოყოფა შეახსენეს, სხვა შემთხვევაში კი, ბიუჯეტზე ხელისმოწერა აუკრძალეს, ტრამპმა არა მხოლოდ მიღწეული შეთანხმება ჩაშალა, არამედ მთავრობაც სრული შემადგენლობით დაითხოვა.
მედიამაგნატი, რომლის კაპიტალი Forbes-ის 2022 წლის მონაცემებით 21,5 მილიარდ დოლარს შეადგენს, მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ადამიანების კლუბის უცვლელი წევრია. მართალია, მერდოკი ნაკლებად ასაჯაროებს პირად ქონებას, მაგრამ პრესისთვის ცნობილი გახდა, რომ სწორედ მის მფლობელობაშია მდიდრული ვილა და ხუთი აკრის მიწის ნაკვეთი ტორონტოს კუნძულზე, 2013 წელს შეძენილი მამული Moraga Estate კალიფორნიაში უზარმაზარი სახლით, ვენახებით, მარნებით და ოთხი სართული მანჰეტენის ელიტურ საცხოვრებელ კომპლექსში One Madison-ში, რომლის საერთო ფართობი 945 კვადრატულ მეტრს შეადგენს და 57,35 მილიონი დოლარი ღირს. თუმცა, უძრავი ქონების გარდა მედიამაგნატს სუპერიახტებით - 67-მეტრიანი Vertigo-თი და სილვიო ბერლუსკონისგან 11 მილიონ დოლარად შეძენილი Morning Glory-თაც თამამად შეუძლია მოიწონოს თავი.