16-17 მარტს, საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების საქმეთა სახელმწიფო მდივანი ჯეიმს კლევერლი, რომელსაც ქართველი კოლეგა, ილია დარჩიაშვილი უმასპინძლებს.
როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ვიზიტის ფარგლებში, ჯეიმს კლევერლი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდება. ასევე, გაერთიანებული სამეფოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი საოკუპაციო ხაზს ეწვევა და არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნობა.
„საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ჯეიმს კლევერლი ციფრული მმართველობის სააგენტოს მიერ კიბერუსაფრთხოებასთან დაკავშირებით ორგანიზებულ ღონისძიებას დაესწრება და სამოქალაქო საზოგადოების წარმომდგენლებთან შეხვედრას გამართავს.
აღსანიშნავია, რომ საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის გამართული „უორდროპის სტრატეგიული დიალოგის“ მერვე რაუნდის ფარგლებში, 2023 წლის 26 იანვარს გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის ვიზიტი შედგა.
აღსანიშნავია, რომ ბოლოს, გაერთიანებული სამეფოს საგარეო და თანამეგობრობის საქმეთა სახელმწიფო მდივანი საქართველოს 2016 წელს სტუმრობდა,“ - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.