იუთუბერმა, MrBeast-მა, 20 000 სამხრეთ-აფრიკელ ბავშვს ფეხსაცმელები უყიდა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
პლატფორმის ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა ვლოგერმა ვიდეო თავად გამოაქვეყნა, რომელშიც ის ამბობს, რომ „სამხრეთ აფრიკაში ასობით ათასი ბავშვისთვის ერთადერთი, რაც მათსა და განათლებას შორის დგას, ზოგჯერ უბრალოდ ფეხსაცმელია".
MrBeast-ის თქმით, მოსწავლეები ხშირად ფეხშიშველ მდგომარეობაში გადაადგილდებიან და სკოლაში მისასვლელად მათ უხეში რელიეფის გადალახვა უწევთ. სწორედ ამიტომ Youtube-ის მომხმარებელმა საქველმოქმედო ორგანიზაცია Barefoot No More-თან დაიწყო თანამშრომლობა. არაკომერციული ორგანიზაცია „ფეხსაცმელს სპეციალური მასალისგან აწარმოებს, რომელიც გამძლეობის, კომფორტისა და მოქნილობისთვისაა შექმნილი".
20 000 წყვილი ფეხსაცმლის შეძენის შემდეგ მისტერ ბისტი კეიპტაუნში გაემგზავრა, რათა ეპოვა სკოლები, რომლის მოსწავლეებს დახმარება ყველაზე მეტად სჭირდებათ. უცნობია, რა ოდენობის თანხა გაიღო ფეხსაცმელების შესაძენად, თუმცა მის ინიციატივას პლატფორმის მომხმარებელთა ნაწილისაგან ნეგატიური გამოხმაურება მოჰყვა. მათი თქმით, ქველმოქმედება MrBeast-ისთვის აუდიტორიის გაზრდის გზაა და ამ სტრატეგიით ის გაცემულზე უფრო მეტ თანხას გამოიმუშავებს.