საქართველოს პროკურატურამ ტრანსნაციონალური დანაშაულის მორიგი ფაქტი გამოავლინა და ფულის გათეთრების ფაქტზე ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე დააკავა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ცნობით, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ფინანსური დანაშაულებისთვის ბრალდებულმა, ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქემ, მის ხელთ არსებული უკანონო და დაუსაბუთებელი ფულადი თანხებისთვის კანონიერი სახის მისაცემად დანაშაულებრივი სქემა შეიმუშავა, რაც საქართველოს ტერიტორიაზე ეტაპობრივად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულადი თანხების არალეგალური გზით ფარულად შემოტანას და სხვადასხვა პირების სახელით საკუთარ საბანკო ანგარიშებზე განთავსებას გულისხმობდა.
ბრალდებულის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლით, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დაიწყო, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულის მიმართ პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.