Facebook-ისა და Instagram-ის მფლობელი Meta Platforms-ი დამატებით 10 ათას სამუშაო ადგილს ამცირებს - Palitra News

Facebook-ისა და Instagram-ის მფლობელი Meta Platforms-ი დამატებით 10 ათას სამუშაო ადგილს ამცირებს

2023-03-15 13:16:49+04:00

Facebook-ისა და Instagram-ის მფლობელი Meta Platforms-ი დამატებით 10 ათას სამუშაო ადგილს ამცირებს, რაც კომპანიაში დასაქმებულთა დაახლოებით 12%-ის გათავისუფლებას ნიშნავს. ამის შესახებ Meta-ს დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, მარკ ცუკერბერგმა განაცხადა.

შეგახსენებთ, ნოემბერში ცუკერბერგის კომპანიამ დასაქმებულთა რაოდენობა 11,000-ით უკვე შეამცირა, რაც Meta-ს ხელმძღვანელმა ხარჯების კლებითა და უფრო ეფექტიან კომპანიად გადაქცევის მიზნით ახსნა. ცუკერბერგმა, თანამშრომელთა გათავისუფლების ახალი რაუნდი კვლავ ხარჯების შემცირებას დაუკავშირა.

როგორც ცნობილია, Meta-დან თანამშრომელთა გაშვება მომდევნო ორი თვის განმავლობაში ეტაპობრივად მოხდება.

გასული წლის მეოთხე კვარტალის მონაცემებით, Meta-ს ხარჯები წლიურად 22%-ით გაიზარდა და თითქმის 26 მილიარდ დოლარს მიაღწია, ხოლო მთლიანი გაყიდვები 4%-ით $32 მილიარდამდე შემცირდა.