ეროვნული ბანკის პროგნოზი, რომ ზაფხულის შემდეგ რეფინანსირების განაკვეთს შეამცირებენ, სავარაუდოდ შეიცვლება. საქართველოს საბანკო ასოციაციის ხელმძღვანელის ალექსანდრე ძნელაძის თქმით, სებ-ს ზომების მიღება გაცილებით ადრე მოუწევს, თუმცა კონკრეტულად რა პერიოდში, ძნელაძე ჯერჯერობით არ აკონკრეტებს. შესაბამისად, როგორც საბანკო ასოციაციის ხელმძღვანელი აღნიშნავს, საპროცენტო განაკვეთებზე ცვლილება მოსალოდნელია - ლარში კლების, ხოლო უცხოურ ვალუტაში ზრდის მიმართულებით.
"მოლოდინი იყო, რომ ქმედითი ნაბიჯი სებ-ის მხრიდან ზაფხულის შემდგომ გადაიდგმებოდა, ეს პროგნოზი გაკეთდა კიდეც, მაგრამ უფრო ადრეც შეიძლება დაიწყოს აღნიშნული პროცესი, რაც საბოლოოდ ლარში საპროცენტო განაკვეთების შემცირებას გამოიწვევს, მაგრამ ეს 2-3%-ზე მეტი არ იქნება. რეალურად ლარის მაქსიმალური გამყარება მიდის. ამასთან, ბოლო პერიოდში ინფლაციაც მცირდება. უცხოური ვალუტა შემოდის ქვეყანაში სხვადასხვა მიზეზის გამო, მათ შორის ტურიზმის აღდგენის მხრივ და ინვესტიციებში დადებითი დინამიკა შენარჩუნებულია, რაც ლარის მიმართ ნდობას ამყარებს“, - ამბობს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი ალექსანდრე ძნელაძე.
შეგახსენებთ, რომ რეფინანსირების განაკვეთად 11-პროცენტიან ნიშნულს ეროვნული ბანკი 2022 წლის მარტის შემდეგ მაღალი ინფლაციის გამო ინარჩუნებს. რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა ან შემცირება ინფლაციის დონეზე ახდენს გავლენას.რამდენიმე თვის წინ ეროვნულ ბანკში აცხადებდნენ, რომ 2023 წლის მესამე კვარტალში ქვეყანაში ინფლაციის დონე სამიზნე მაჩვენებელს უნდა დაუახლოვდეს, რის პარალელურადაც, ცენტრალური ბანკი რეფინანსირების განაკვეთის შემცირების თაობაზე იმსჯელებს.ცნობისთვის, მიმდინარე წლის იანვარში ეროვნული ვალუტით სესხებზე საშუალო შეწონილი წლიური საპროცენტო განაკვეთი 0.8 პპ-ით 17%-მდე გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემულ კრედიტებზე საპროცენტო განაკვეთი 1.2%-ით შემცირდა და 7.4%-ის დონეზეა.