რუსული გამანადგურებელი თვითმფრინავი ამერიკულ დრონს შეეჯახა, რის შედეგადაც ამერიკული უპილოტო საფრენი აპარატი შავ ზღვაში ჩამოვარდა, - ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ.
მათი განმარტებით, დრონი საერთაშორისო საჰაერო სივრცეში რუტინულ მისიას ასრულებდა, როდესაც რუსული Su-27 ტიპის ორი გამანადგურებელი მისთვის დაბრკოლების შექმნას შეეცადა.
„ჩვენი MQ-9 დრონი საერთაშორისო საჰაერო სივრცეში რუტინულ ოპერაციებს ახორციელებდა, როდესაც მას დაბრკოლება შეუქმნა რუსულმა თვითმფრინავმა, რის შედეგადაც MQ-9 ჩამოვარდა“, - აღნიშნულია პენტაგონის განცხადებაში.
რუსეთში კი განაცხადეს, რომ დრონი "მკვეთრი მანევრის" შემდეგ ჩამოვარდა.
მომხდარის გამო პროტესტის გამოსახატად, რუსეთის ელჩი, ანატოლი ანტონოვი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში დაიბარეს. რუსული მედიის ცნობით, შეხვედრის შემდეგ ანტონოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი დრონთან დაკავშირებულ ინციდენტს "პროვოკაციად" აფასებს.