საქართველოში ფულადი გზავნილები ინვესტიციებს 2-ჯერ აღემატება. 2022 წელი საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისა და გადმორიცხული ფულადი გზავნილების თვალსაზრისით რეკორდული იყო. თუმცა, საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ ქვეყანაში გზავნილები ინვესტიციების მოცულობას თითქმის 2-ჯერ აღემატება.
საქსტატის წინასწარი მონაცემებით, გასულ წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც 2021 წლის დაზუსტებულ მაჩვენებელს, 61.1%-ით აღემატება. სტატისტიკის სამსახურის ცნობით, ზრდა განპირობებულია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ორი კომპონენტის - სააქციო კაპიტალისა და რეინვესტიციის მაჩვენებლის ზრდით. ხოლო, სამი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნის წილმა ინვესტიციებში 48% შეადგინა. პირველ ადგილზე გაერთიანებული სამეფოა 21.4%-ით, მეორეზე - ესპანეთი 18.3%-ით, ხოლო მესამეზე - აშშ 8.2%-ით.
ამასთან, სამი უმსხვილესი სექტორის წილმა გასული წლის ინვესტიციებში 56.5 პროცენტი შეადგინა. ყველაზე დიდი მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების სექტორში შემოვიდა და 526.4 მლნ დოლარი შეადგინა, მეორე ადგილზეა უძრავი ქონების სექტორი 406.9 მლნდოლარით, ხოლო მესამეზე - წყალმომარაგების და ნარჩენების მართვის სექტორი 197 მლნ დოლარით. გასულ წელს ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია გადმორიცხულმა ფულადმა გზავნილებმაც, რაც, დიდწილად, რუსეთ-უკრაინის ომის შედეგად ქვეყანაში რუსი მიგრანტების მასობრივ შემოსვლას უკავშირდება.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2022 წელს საქართველოში 4.37 მლრდ დოლარის ფულადი გზავნილები შემოვიდა, რაც გასული წლის მაჩვენებელზე, თითქმის 86%-ით მეტია. ფულადი გზავნილები პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებსაც აღემატება, მთელი 118.5%-ით.