ჩრდილოეთ კორეამ აღმოსავლეთ სანაპიროდან მცირე რადიუსის ბალისტიკური რაკეტები გამოსცადა, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ სამხრეთ კორეის გაერთიანებული შტაბის უფროსებმა განაცხადეს.
მათივე თქმით, ორი ბალისტიკური რაკეტა იაპონიის ზღვისკენ გაისროლეს.
„ჩვენმა სამხედროებმა გააძლიერეს მეთვალყურეობა და სიფხიზლე, ამავდროულად ინარჩუნებენ მზადყოფნას სამხრეთ კორეასა და შეერთებულ შტატებს შორის მჭიდრო თანამშრომლობით“, - აღნიშნეს გაერთიანებული შტაბის უფროსებმა.
გუშინ ჩრდილოეთ კორეამ განაცხადა, რომ წყალქვეშა ნავიდან ორი ფრთოსანი რაკეტა გაუშვა.
ორშაბათს, შეერთებულმა შტატებმა და სამხრეთ კორეამ 11 დღიანი ერთობლივი სამხედრო წვრთნები, Freedom Shield 23 დაიწყეს. ეს ორი ქვეყნის მიერ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ერთობლივად ჩატარებული ყველაზე დიდი წვრთნებია.
ჩრდილოეთ კორეა ამ წვრთნებს განიხილავს, როგორც ს „ჩრდილოეთ კორეაში შეჭრის რეპეტიცია“ და კვირას განაცხადა, რომ დაიწყებს ომის შეკავების "მნიშვნელოვან პრაქტიკულ" ზომებს.