პოლონელი ექიმების ჯგუფი მზადაა, თბილისში ჩაფრინდეს საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დასახმარებლად და ელოდება საქართველოს ხელისუფლების ოფიციალურ თანხმობას. ამის შესახებ ვარშავაში დღევანდელ პრესკონფერენციაზე პოლონეთის მთავრობის სპიკერმა პიოტრ მიულერმა განაცხადა.
„ჯერჯერობით ჩვენ ველოდებით ქართული მხარის ოფიციალურ თანხმობას ამ საკითხზე. რეალურად არის ასეთი განცხადება ჩვენი მხრიდან და გადაიდგა ფორმალური ნაბიჯები“ , - განაცხადა მიულერმა.
მისი თქმით, თუ საქართველოს ხელისუფლებას არაფერი აქვს სასაყვედურო, მაშინ არ არსებობს მიზეზი, რომ ასეთი თანხმობა არ გასცეს.
მიულერმა აღნიშნა, რომ თბილისში საქართველოს ექს-პრეზიდენტის სამედიცინო მომსახურების პროცესი სერიოზულ ეჭვებს აჩენს საერთაშორისო საზოგადოებაში. ამიტომ, პოლონური მხარე მზადაა, ამ ეჭვების გასაფანტად საქართველოში სამედიცინო მისია გაგზავნოს.
ცნობისთვის, 10 თებერვალს ევროკავშირის სამიტზე პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავიეცკიმ განაცხადა, რომ პოლონეთი მზად არის, მიიღოს პოლიტიკოსი სამკურნალოდ.