ვიქტორ ყიფიანი ფაქტობრივად არის სარეზერვო პროექტი, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი საჭიროების შემთხვევაში გამოიყვანს, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.
გია ხუხაშვილის შეფასებით, ბიძინა ივანიშვილი ირაკლი კობახიძესა და ირაკლი ღარიბაშვილს შანსს აძლევს, რომ თავიანთი გაფუჭებული საქმე გამოასწორონ, ხოლო თუ ვერ გამოასწორეს, „ჩარეცხავს“.
„მისთვის ახლა მთავარი პრობლემა არის შესუსტებული ავტორიტეტი, ბიძინას უძლეველობის მითოლოგიას სერიოზული ზიანი მიადგა. სრულიად მოირყა სისტემა, სისუსტე გამოავლინა. მისთვის მთავარი პრობლემა მის პოლიტიკურ მოღვაწეობაში სისუსტის გამოვლინებაა, შესაბამისად, მას სჭირდება გარკვეული რევანში, შეტევა საზოგადოებაზე.
ამ როლზე რომც ფიქრობდეს ჩანაცვლებას, ვფიქრობ, რომ ირაკლის კიდევ უფრო მეტი ცოდვები უნდა აკიდოს, დაგეგმილიც რომ ჰქონდეს მათი „ჩარეცხვა“, ღარიბაშვილის გუშინდელ გამოსვლაში ჩანდა, რომ ისევ შეტევაში არიან ბიჭები, რაღაცა უნდა მოიმოქმედონ.
ღარიბაშვილი ან იტყუება, ან მართლა არ იცის, რა ხდება. მისი ინტელექტუალური შესაძლებლობები ძალიან შეზღუდულია. შეიძლება, მართლა ვერ ხვდება, რა ხდება, მაგრამ ბიძინა მას იყენებს. ფაქტია რევანშის, რომელიც შეიძლება წარმატებით ვერც დასრულდეს, მცდელობა იქნება. ეს ცოდვებიც უნდა აჰკიდოს ირაკლებს, ჰოდა, მერე ჩარეცხავს, ახლა რატომ ჩარეცხოს. ჩარეცხავს მას შემდეგ, რაც საზოგადოებაზე ანგარიშსწორების მცდელობა იქნება.
მე ეჭვი მეპარება, რომ მათ რამე გამოუვიდეთ, ბიძინა ივანიშვილი ახლა, თითქოს ერთგვარ შანსს აძლევს ირაკლებს, რომ თქვენივე გაფუჭებული საქმე მიდით და გამოასწორეთ, ამათმაც სხვა არაფერი იციან და მოქმედებენ ამ მეთოდებით. ბიძინა ახლა წაუგებელ თამაშს თამაშობს. თუ ამათმა შეძლეს სიტუაციის გადატეხა და სისტემის სტაბილურობის აღდგენა, დატოვებს, თუ ვერ შეძლებენ, „ჩარეცხავს“ და ამზადებს, რა თქმა უნდა, შედარებით დავარცხნილ, გაწონასწორებულ ალტერნატივას“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.
შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რომ ვიქტორ ყიფიანი უკვე გარკვეული პერიოდია აღარ თანამშრომლობს ბიძინა ივანიშვილთან. როგორც ოხანაშვილმა აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილსა და ადვოკატ ვიქტორ ყიფიანს შორის თანამშრომლობის შეწყვეტის შესახებ ინფორმაცია წინა კვირას გავრცელდა.
მანამდე ვიქტორ ყიფიანმა ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების შესახებ რადიო „იმედის“ ეთერში 10 მარტს ისაუბრა.
„რას ემსახურებოდა კანონპროექტის ინიცირება?! თუ საუბარია გამჭვირვალობის ხარისხის ზრდაზე, ამის მიღწევა შეიძლებოდა დამატებითი მექანიზმებით არსებულ კანონმდებლობაში, ვთქვათ, გარკვეული დამატებებისა და გარკვეული ცვლილებების შეტანის გზით. ამ ვითარებაში, როდესაც ცალკე კანონპროექტის შემუშავება, მითუმეტეს იმ ფონზე, როცა ჩვენ არაერთგზის გაფრთხილება მივიღეთ პარტნიორების მხრიდან, რომ ეს დააზიანებდა იმ პროცესს, რასაც პოლიტიკური ევროპისკენ სვლა ჰქვია, მოტივაცია, კონტექსტი, რეალურად რას ისახავდა ეს პოლიტიკური პრიორიტეტების კუთხით, თუ რაიმე არის, რაც ჩვენ არ ვიცით, ეს უკეთ უნდა აეხსნათ", - განაცხადა ყიფიანმა.