სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი საზოგადოებრივი მოძრაობა ხალხის ძალის მიერ ინიცირებულ კანონპროექტებთან დაკავშირებით 7,8 და 9 მარტს გამართულ აქციებს ეხმაურება და ცალკეულ დარღვევებზე მიუთითებს. ომბუდსმენის შეფასებით, 7 მარტს, საღამოს საათებში, როცა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციის მონაწილეების მიმართ გამაფრთხილებელი განცხადება გააკეთა , აქციას მშვიდობიანი ხასიათი ჰქონდა და არ არსებობდა მისი შეწყვეტის და მის წინააღმდეგ ძალის გამოყენების საფუძვლები. უშუალოდ 8 მარტს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, სახალხო დამცველი ამბობს, რომ პოლიციამ შესაბამისი რეაგირება მოახდინა, როდესაც შეკრების მონაწილეებმა პარლამენტის უკანა მხარეს შენობის დაზიანება დაიწყეს, თუმცა სრულიად არალეგიტიმური იყო ძალის გამოყენება პარლამენტის წინ მდგარი შეკრების მშვიდობიანი მონაწილეების მიმართ. სახალხო დამცველის შეფასებით განცხადებაში, მითითებულია, რომ არსებობს ვიდეოკადრებიც, რომელშიც მოქალაქეების მიმართ უხეში ფიზიკური ძალადობის ფაქტები ჩანს.