საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 18 საკითხი განიხილეს. საუბარი შეეხო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციირებულ ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონს, რომლის თანახმადაც მოიხსნა შეზღუდვა, რომელიც კრძალავდა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციულ თანამდებობაზე 65 წელს მიღწეული პირის არჩევას. ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებმაც საქართველოში საერთაშორისო პროგრამით მიიღეს სრული ზოგადი განათლება, მიეცათ შესაძლებლობა, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე გააგრძელონ სწავლა საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში. მინისტრთა კაბინეტის წევრებმა ასევე იმსჯელეს კანონპროექტზე, რომლის თანახმადაც სასოფლო-სამეურნეო სავარგულების გადაწვის გამო, მკაცრი ჯარიმა დაწესდება, კერძოდ ფიზიკური პირებისთვის თითოეულ ჰექტარზე 1 000 ლარის, იურიდიული პირებისთვის კი, - 2 000 ლარის ოდენობით.