საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ტრანსნაციონალური დანაშაული გამოავლინა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე სისხლისსამართლებრივი დევნა სამი ფიზიკური პირის მიმართ დაიწყო. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოსა და ნიგერიის ფედერაციული რესპუბლიკის მოქალაქეებმა ელექტრონული საშუალებების გამოყენებით უცხო ქვეყნის მოქალაქეებთან კომუნიკაცია დაამყარესდა მომგებიანი ინვესტიციის და მომსახურების გაწევის ცრუ პირობებით, ათეულობით ათასი ლარის ეკვივალენტი უცხოური ვალუტა, სწრაფი ფულადი გზავნილების სახით მოტყუებით გადმოარიცხინეს საქართველოში ერთ-ერთი ბრალდებულის სახელზე, რასაც დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ.
მათივე ცნობით, შემდგომში ბრალდებულებმა აღნიშნული თანხები, მათთვის კანონიერი სახის მიცემის მიზნით, პირად საბანკო ანგარიშებზე განათავსეს და დანაწევრებით ტრანზაქციები განახორციელეს, მათ შორის უკანონოდ მიღებული თანხებით ძვირადღირებული ავტომობილები შეიძინეს, რა გზითაც დაახლოებით, 647 000 ლარის უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაცია მოახდინეს.
საქართველოსა და ნიგერიის ფედერაციული რესპუბლიკის მოქალაქეებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 194-ე მუხლებით, ჯგუფურად ჩადენილი დიდი ოდენობით თაღლითობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9 წლამდე და 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.