"ბორჯღალოსნებისა" და "შავი ლომის" მარცხენა ბურჯი ნიკა აბულაძე კარიერას ინგლისის პრემიერშიფის "ექსეთერ ჩიფსში" გააგრძელებს.
27 წლის მორაგბე ბრიტანეთში რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალური მატჩის შემდეგ ჩავა და გუნდში მიმდინარე სეზონის გარდა, მომდევნო ორ წელსაც გაატარებს. აბულაძე პირველი ქართველია, რომელიც „სენდი პარკის“ ბინადრებს შეუერთდება. როგორც კლუბის რაგბის დირექტორმა და მთავარმა მწვრთნელმა, რობ ბაქსტერმა განაცხადა, ის დარწმუნებულია, რომ აბულაძე პირველივე დღიდან იბრძოლებს 23-კაციან განაცხადში მოსახვედრად.
ცნობისთვის, "ექსეთერ ჩიფსი" 1871 წელს დაარსდა და ორჯერ – 2017 და 2020 წლებში გახდა ინგლისის პრემიერშიფის ჩემპიონი. 2020 წელს „ბელადები“ ჩემპიონთა თასის გამარჯვებულებიც გახდნენ. პრემიერშიფის მიმდინარე გათამაშებაში ‘ჩიფსი’ 16 თამაშიდან 43 ქულით მე-4 ადგილზეა.
შეგახსენებთ, აბულაძის სანაკრებო დებიუტი 2022 წელს იტალიასთან შედგა. დღემდე მის ანგარიშზე 9 კეპია.