ესპანეთის ლიგა ენდესას 22-ე ტურში თად მაკფადენისა და რატი ანდრონიკაშვილის მურსიამ მალაგის უნიკახას ანგარიშით 85:80 მოუგო. შეხვედრის საუკეთესო კალათბურთელი საქართველოს ნაკრების კალათბურთელი, თად მაკფადენი გახდა, რომელიც სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა - 27 წუთსა და 31 წამში მან 24 ქულა, 2 მოხსნა და 4 პასი მიითვალა. თადმა 5-დან 2 ორქულიანი, 10-დან 5 სამქულიანი და 5-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 5-ჯერ დაჯარიმდნენ.
მაკფადენის სარგებლიანობის კოეფიციენტი 23-ს გაუტოლდა და ის მასპინძელთა რიგებში მხოლოდ ამერიკელ ტრევის ტრაისს ჩამორჩა, რომელმაც 19 წუთში 21 ქულა ჩააგდო.
თადს ესპანეთის ჩემპიონატში მურსიელთა მაისურით ორ სეზონში უკვე 150 სამქულიანი მოუგროვდა და ეს, კლუბის ისტორიაში მე-4 შედეგია. ახლა, მაკფადენზე წინ მხოლოდ სკოტ ვუდი (242), სადიელ როხასი (185) და ვიქტორ ბენიტე (181) არიან.
უნიკახასთან მატჩში მხოლოდ სიმბოლური დრო დაეთმო საქართველოს ნაკრების კიდევ ერთ წევრ რატი ანდრონიკაშვილს. მან მოედანზე მხოლოდ 16 წამი გაატარა და ერთხელ დაჯარიმება მოასწრო.
ცნობისთვის, მურსიას 9 მოგება და 13 მარცხი მოუგროვდა და ლიგა ენდესაში მე-12 ადგილზე იმყოფება, მომდევნო მატჩს კი 18 მარტს სტუმრად გრან კანარიას შეხვდება.