საქართველოს ჩემპიონატის მე-4 ტურში დინამო ბათუმმა სამტრედიას უმასპინძლა და ანგარიშით 3:2 მოუგო.
გია გეგუჩაძის გუნდისთვის რთული თამაში იყო: სამტრედია ორჯერ იგებდა, მაგრამ საბოლოოდ ბათუმელებმა გაიმარჯვეს. მე-20 წუთზე სამტრედია გიორგი გვიშიანმა დააწინაურა, მაგრამ 5 წუთში ირაკლი ბიძინაშვილმა გაათანაბრა.
მე-2 ტაიმი სამტრედიელთა გოლით დაიწყო, ზვიად ნაჭყებიამ ბრწყინვალედ ითამაშა, რამდენიმე მეტოქე მოატყუა და შორეულ კუთხეში ზუსტად დაარტყა. 69-ე წუთზე ანგარიში ჯოვინოს აქტიურობის შედეგად გათანაბრდა, მაგრამ გოლი ბენჟამინ ტეიდს ჩაეთვალა, რადგან ბრაზილიელის დარტყმის შემდეგ ბურთი ნიგერიელს მოხვდა და კარში ისე აღმოჩნდა.10 წუთში ჯოვინომ გადამწყვვეტი გოლი თავადვე გაიტანა.
ცნობისთვის, დინამო ბათუმმა 10 ქულა დააგროვა და ამ დროისთვის ცხრილის ლიდერია, მაგრამ დინამო თბილისს მე-4 ტურში ჯერ არ უთამაშია. გეგუჩაძის გუნდი მომდევნო ტურში გაგრას შეხვდება. სამტრედია 3 ქულით აუტსაიდერებშია, მომდევნო მატჩი კი საბურთალოსთან აქვს.
ასევე ცნობისთვის, ეროვნული ლიგის მე-4 ტურში ქუთაისის ტორპედომ გაგრა ანგარიშით 3:1 დაამარცხა და 8 ქულა დააგროვა.
გარდა ამისა, თელავმა სეზონში პირველი გამარჯვება გასვლაზე ქობულეთის შუქურასთან მოიპოვა, ხოლო საბურთალო და დილა უგოლოდ დაზავდნენ. მე-4 ტური დღეს დინამო თბილისისა და წყალტუბოს სამგურალის დაპირისპირებით დასრულდება.