საქართველოს პარლამენტში მას შემდეგ, რაც „უცხოური გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი ჩავარდა, სხდომათა დარბაზში ხმაური იყო.
პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ვინაიდან აღნიშნული საკითხის ჩაგდებასთან დაკავშირებით საერთო კონსენსუსი არსებობს, საკითხი აღარ განიხილებოდა და შესაბამისად, გამოსვლებიც არ იქნებოდა.
პაპუაშვილის ამ განცხადებას ოპოზიციის მხრიდან ხმაური მოჰყვა.
„სტრატეგია აღნმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის თქმით, დეპუტატებს სიტყვით გამოსვლის საშუალება უნდა ჰქონოდათ.
„ხალხის ეშინიათ ამათ. შსს გამოვიდა კიდევ მუქარით. არავის დაგაჭერინებთ, ვერავის მიეკარებით, ყველას დავიცავთ. ესენი არიან პროვოკატორები,“ - განაცხადა ვაშაძემ.
ცნობისთვის, პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი მეორე მოსმენით ჩააგდო.
„ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონის პროექტი კენჭისყრაზე განხილვის გარეშე დააყენეს. მის წინააღმდეგ ხმა 35 დეპუტატმა მისცა, მხარი 1-მა დაუჭირა, ხოლო სხდომას სულ 112 კანონმდებელი ესწრებოდა.